მიხეილ სააკაშვილი - თუ სადმე, შავიზღვისპირეთში ბათუმის მსგავსი სილამაზე დევს, შემიძლია ხელმეორედ შევჭამო ჩემი ჰალსტუხი

"თუ სადმე, შავიზღვისპირეთში ასეთი სილამაზე დევს, შემიძლია, ხელმეორედ შევჭამო ჩემი ჰალსტუხი", - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში სტუმრობისას განაცხადა. პრეზიდენტი ბათუმში მოსწავლეებს შეხვდა, სკოლის დამთავრება მიულოცა და ოქროს მედლები გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა ასევე ბათუმის განვითარებაზე ისაუბრა.
"არიან სკეპტიკოსები, ვისაც არ სჯერა, რომ ქვეყენა, ამ შემთხვევაში კი აჭარის რეგიონი წინ მიდის. ადრე ძალიან ბევრი ამბობდა ჩემზე: "ამ გიჟმა ხომ წაგვჭამა ტვინი თავისი ბათუმით". ყოველთვის არსებობს ხალხი, ვისაც არაფრის სჯერა. მაგრამ ვარსებობთ ჩვენ, ვისაც ყველაფრის გვჯერა და მომავლის გვწამს. ამიტომ გირჩევთ, ვისაც გვჯერა გაგვატარეთ. სხვებმა რამდენიც უნდა გვაკრიტიკონ, მთავარია, ფეხებში არ გაგვებლანდონ მშენებლობის დროს~, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ბოლო დროს ბათუმში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ 7 წელიწადში ამ ქალაქში ნახევარი მილიონი ადამიანი იცხოვრებს.
მოსწავლეებთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა ახალ საგანმანათლებლო პროგრამებზეც ისაუბრა. როგორც მან განმარტა, ძალიან მალე ყველა პირველკლასელი კომპიუტერს მიიღებს, მოკლე ხანში კი, საქართველოში ათასზე მეტი ინგლისურის მასწავლებელი იქნება. პრეზიდენტის განცხადებით, აჭარის ყველა სკოლას ინგლისურენოვანი მასწავლებელი ეყოლება.

























