ზურაბ ნოღაიდელი კასპის რაიონის გამგებელს კანონდარღვევაში ადანაშაულებს

ზურაბ ნოღაიდელი კასპის რაიონის გამგებელს კანონდარღვევაში ადანაშაულებს

"ეროვნული საბჭოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ზურაბ ნოღაიდელი კასპის რაიონის გამგებელს თენგიზ დონაძეს ~მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" მიმართ კანონდარღვევაში ადანაშაულებს და კასპის რაიონის პოლიციის უფროსისგან, მალხაზ ბარნოვისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვს.

საჩივრის თანახმად, რომლითაც ზურაბ ნოღაიდელმა მალხაზ ბარნოვს მიმართა, კასპის რაიონის სოფელ წინარეხის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათთან მოვიდა კასპის გამგებელი თენგიზ დონაძე, რომელმაც მათ შეთავაზა ფულადი თანხა 10 (ათი) ლარის ოდენობით და უთხრა, რომ მისულიყვნენ ~მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ოფისებში, გაელანძღათ ისინი მედიასაშუალებების წინაშე და ნოღაიდელი და მისი პარტიის წევრები ~გადამგდებებად და მოღალატეებად" გამოეცხადებინათ.

საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ფაქტს სოფლის მცხოვრებნი მათი დაკითხვისას ადასტურებენ, ასევე ადასტურებენ საჩივარზე ხელმოწერით.

~გამგებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ~მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის" მიმართ პატივისა და ღირსების შელახვას ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელების მცდელობის გზით~, - ნათქვამია საჩივარში, სადაც პუნქტობრივად არის მითითებული ის საკანონმდებლო ნორმებიც, რომელიც კასპის რაიონის გამგებელმა დაარღვია.

ზურაბ ნოღაიდელი მიიჩნევს, რომ ვიდრე კანონდამრღვევი თანამდებობის პირები კანონის მთელი სიმკაცრით არ დაისჯებიან, ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნასა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე ლაპარაკი მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.