კახეთის რეგიონში ხვალ ორი საწარმო გაიხსნება

კახეთის რეგიონში ხვალ ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ორი საწარმო გაიხსნება.

ფონდის ინფორმაციით, ნაფარეულში გაიხსნება ვარდის ზეთის მწარმოებელი ქარხანა. "კოპალამ" ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის პროექტის ფარგლებში 150 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო. ამ თანხით და ადგილობრივი ფერმერის თანადაფინანსებით მოხდა საწარმოს განახლება და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. შეიქმნა 40-მდე ახალი სამუშაო ადგილი. საწარმოში ხდება ვარდის ზეთის წარმოება და დაფასოება. საბოლოო პროდუქტი კი ექსპორტზე გერმანიაში გადის. ვარდის ზეთი ეთერზეთების ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი სახეობაა. ის ინტენსიურად გამოიყენება პარფიუმერიასა და ფარმაცევტიკაში. საუცხოო თვისებებისა და იშვიათობის გამო, ამ პროდუქტის ფასი მუდმივად მაღალია და ნაკლებად ექვემდებარება ზოგადეკონომიკური ტენდენციების ზეგავლენას.

ხვალვე იყალთოში რძის გადამამუშავებელი მცირე საწარმო გაიხსნება, რომელმაც ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში 50 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო. საწარმოში მოხდება ორი ტიპის ყველის (სულგუნი და ქართული ყველი) წარმოება, დაფასოება და დისტრიბუცია. პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნა 10 ახალი სამუშაო ადგილი, 55-მა ადგილობრივმა ფერმერმა კი პროდუქციის ჩაბარებით არაპირდაპირი სარგებელი საკუთარი მიიღო.

საწარმოების გახსნას დაესწრებიან პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილი, აგრეთვე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ათასწლეულის ფონდის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დღეისთვის დამტკიცებულია 286 პროექტი.