ქვემო ქართლში სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა უფლებების თემაზე მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა უფლებების თემაზე მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ იურიდიული დახმარების სამსახურიდან აცნობეს, პირველ შეხვედრას, რომელიც წალკის მუნიციპალიტეტში გაიმართა სოციალურად დაუცველ ოჯახებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სოციალური მომსახურების სამსახურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

შეხვედრაზე საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის წესი, ბაზაში დარეგისტრირებული პირებისათვის განკუთვნილი შეღავათები და ამ საკითხებთან დაკავშირებით მათი უფლება-მოვალეობები გააცნეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უფასო იურიდიულ დახმარებაზე, რითაც სახელმწიფო გადახდისუუნარო მოსახლეობას უზრუნველყოფს.

მსგავსი შეხვედრები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და ქვემო ქართლის სხვა რაიონებს, მათ შორის, დმანისს, ბოლნისს, თეთრწყაროს, მარნეულს, გარდაბანსა და რუსთავს მოიცავს.

უფასო იურიდიული დახმარება ყველა სახის სამართლებრივ კონსულტაციას, იურიდიული დოკუმენტების შედგენასა და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო წარმომადგენლობას გულისხმობს. ამ მომსახურების მისაღებად მოქალაქეებმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის ტერიტორიულ ოფისებს უნდა მიმართონ.