გორი-ცხინვალის კორიდორის ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები დასრულდა
"ნორვეგიელ ხალხთა დახმარებამ" გორი-ცხინვალის კორიდორის ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები დაასრულა. ტერიტორია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დაბინძურებული იყო, დღესდღეობით კასეტური ნაღმებისგან საბოლოოდ არის გაწმენდილი. "ნორვეგიელ ხალხთა დახმარება" გაწმენდილი ტერიტორიის ჩაბარების ცერემონიას, სოფელ ვარიანის ცენტრში, 22 ივნისს, ეკლესიის წინ ჩაატარებს.
ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკა ძიმცეიშვილი, ნორვეგიის ელჩი იონ რამბერგი და უნგრეთის ელჩი გაბორ შაგი დაესწრებიან.
ცერემონიის მიზანია, სახელმწიფომ ოფიციალურად ჩაიბაროს საბრძოლო ველის გაწმენდილი ტერიტორია სოფელ ვარიანში. "ნორვეგიელ ხალხთა დახმარება" ვარიანის ტერიტორიის წმენდას 2009 წლის სექტემბრიდან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით ახორციელებდა. გაიწმინდა 5 941 901 კვადრატული მეტრი დაბინძურებული ტერიტორია, საიდანაც 107 კასეტური ნაღმი, 131 აუფეთქებელი საბრძოლო მასალა და 2000 მცირე კალიბრიანი საბრძოლო მასალა ამოიღეს.
ცერემონიას გახსნის "ნორვეგიელ ხალხთა დახმარების" პროგრამის მენეჯერი ჯონათან გათრი, რომელიც ისაუბრებს იმ წვლილის შესახებ, რომელიც ორგანიზაციამ საქართველოში განაღმვით საქმიანობაში შეიტანა.
გაწმენდილი ტერიტორიის ჩაბარების ოფიციალურ დოკუმენტს ხელს მოაწერს "ნორვეგიელ ხალხთა დახმარების" პროგრამის მენეჯერი ჯონათან გათრი, ომის ფეთქებადი ნარჩენების საკოორდინაციო ცენტრის პროგრამის კოორდინატორი პეტრი ნევალაინენი და სოფელ ვარიანის გამგებელი ნუგზარ კარელიძე. ცერემონიის დასასრულს, სოფელ ვარიანის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უკანასკნელი ფეთქებადი ნარჩენების დემონსტრაციული განადგურება მოხდება.
ცერემონიას აგრეთვე დაესწრებიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლება და პარტნიორი ორგანიზაციები - ჰალო თრასთი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, საინფორმაციო მენეჯმენტი და განაღმვის პროგრამა, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტი და საერთაშორისო ნდობის ფონდი.

























