ფხვენისში ომის შემდგომი რეაბილიტაციის ხელშემწყობი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

სოფელ ფხვენისში 21 ივნისს პროექტის – "ომის შემდგომი ეკონომიკური რეაბილიტაცია: ინტეგრირებული სოციალ-ეკონომიკური ზონის შექმნა შიდა ქართლის რეგიონში" პრეზენტაცია გაიმართება.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს. პროექტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და UNHCR-მა დააფინენსეს და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის აგრარული განვითარების პროგრამამ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით განახორციელა.

პროექტის მიზანი, გამყოფი ხაზით დაშორიშორებული მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობის აღდგენის ხელშეწობა და რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებულ შიდა ქართლის რეგიონში ეკონომიკური რეაბილიტაციის სტიმულირებაა. აღნიშნული მიმართულებები საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის პრიორიტეტებია.