მგფ გურიაში მიმდინარე წელს 3,5 მლნ ლარის პროექტებს განახორციელებს

მუნიციპალური განვითარების ფონდი (მგფ) გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 3,5 მლნ ლარის პროექტებს განახორციელებს.

მგფ-ს ინფორმაციით, პროექტები რეგიონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კონსტანტინე მგელაძე, ხვალ გურიის რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულ ვალერი ჩიტაიშვილთან და ოზურგეთის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელ გიორგი ტაკიძესთან ერთად სოფელ ნარუჯის წყალსადენი სისტემის რეკონსრუქციის პროექტის მიმდინარეობას ადგილზე დაათვალიერებს.

სოფელ ნარუჯას წყალსადენის რეკონსტრუქციის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მუნიციპალური მომსახურების განვითარების პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

პროექტს საქართველოს მთავრობა და აზიის განვითარების ბანკი 1,6 მლნ ლარით აფინანსებენ. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

პროექტი მოიცავს სატუმბო სადგურის მშენებლობას, წყლის გაუვნებელყოფის შენობის მშენებლობას, არსებული წყლის რეზერვუარის რემონტს, სანიტარული დაცვის ღობის მოწყობას და სხვა.

წყალსადენი მაგისტრალი ეწყობა სატუმბო სადგურიდან არსებულ რეზერვუარამდე და რეზერვუარიდან სოფლამდე, საპროექტო მონაკვეთზე განთავსებული სახლები მიუერთდება წყალსადენს, შიდა ქსელის მოწყობას პროექტი არ ითვალისწინებს.