"მეანიას" გზავნილი ბათუმელებმაც მიიღეს

"მეანიას" გზავნილი ბათუმელებმაც მიიღეს

კომპანია "ჯეოსელის" პროექტის, "მეანიას" პრეზენტაცია ბათუმშიც გაიმართა.

26 წლის უნარშეზღუდული ახალგაზრდის, ანა გოგუაძის ფოტონამუშევრების გამოფენას ბათუმში "თიბისი გალერეამ" უმასპინძლა. პროექტის მხარდამჭერია ბათუმის მერია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ჯეოსელის" საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირმა ცქიტიშვილმა განუცხადა, პროექტის მიზანია უნარშეზღუდულთა ინტეგრირება საზოგადოებაში და მათთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

მისივე თქმით, ახალგაზრდა, ნიჭიერი ფოტოგრაფი თავისი ნამუშევრებით ძალიან დელიკატურად ეუბნება საზოგადოებას, რომ უნარშეზღუდულთა გვერდით დადგნენ.

"დაგვიდექით გვერდით, რათა თქვენამდე მოვიდეთ – ეს არის მისი გზავნილი, რომელსაც პოზიტიური განწყობა მოჰყვა საზოგადოებაში; ფოტოები, რომლებზეც საზოგადოებისთვის ცნობილი და წარმატებული ქალბატონები ინვალიდის ეტლში არიან აღბეჭდილი, მათ მთავარ სათქმელ ამბობენ – ცხოვრება ინვალიდის ეტლიდანაც ისეთივე ლამაზი და სრულყოფილია, როგორც ჩვეულებრივი ადამიანისთვის", - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

სოციალური პროექტი "მეანია" "ჯეოსელმა" პირველად თბილისში წარადგინა. ორი კვირის წინ კი, "მეანიას" პრეზენტაცია ქუთაისშიც გაიმართა.