სამართალდამცავებმა "თბილისის ავტობუსის" გენერალური დირექტორის მოადგილის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

სამართალდამცავებმა "თბილისის ავტობუსის" გენერალური დირექტორის მოადგილის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და იმერეთის, ქვემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა შპს "თბილისის ავტობუსის" გენერალური დირექტორის მოადგილის, გია წულაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან გარდაცვლილის მეუღლე ინგა წულაძე-ჯვარშეიშვილი, აგრეთვე, ზვიად საყვარელიძე და ზურაბ სოლომნიშვილი.

გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2009 წლის აპრილის დასაწყისში ინგა წულაძემ ზვიად საყვარელიძეს დაუკვეთა მეუღლის, გია წულაძის მკვლელობა, რისთვის 5000 დოლარს დაჰპირდა. საყვარელიძემ მოძებნა მეგობარი ზურაბ სოლომნიშვილი. სოლომნიშვილმა გია წულაძე 2009 წლის 29 აპრილს გადაჭრილი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. მკვლელობა თბილისში მოხდა.

დაკავებულია ოჯახის მოსამსახურე ელენე თუშიშვილი, რომელიც აწარმოებდა მოლაპარაკებებს ინგა წულაძესა და ზვიად საყვარელიძეს შორის.

ინგა წულაძემ მეუღლის მკველელობის შემდეგ თუშიშვილის დახმარებით ზვიად საყვარელიძეს 3.000 ევრო გადასცა.

გამოძიება მიმდინარეობს ყაჩაღობის მცდელობის, განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით.

გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველო.