გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დეტექტივ-გამომძიებელი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ლანჩხუთის პოლიციის დეტექტივ-გამომძიებელი, პოლიციის ლეიტენანტი დავით გოგუაძე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გოგუაძემ სამოქმედო ტერიტორიაზე ინერტული მასალების უპრობლემოდ გადაზიდვაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 120 ლარი გამოსძალა.
დაკავებულმა პოლიციელმა დანაშაული აღიარა. გამოძიებას შსს-ს გენერალური ინსპექცია აწარმოებს.
მოქმედი კანონმდებლობით, ქრთამის აღება 6-9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

























