"სკანდალური წერილი" თბილისში რეგისტრირებულ ფირმას "ამერიკან მონოლითს" ეკუთვნის

სკანდალური წერილი, რომლის შესახებაც ყვარელში მთავრობის გასვლით სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა, დღეს კი ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ ახსენა, თბილისში რეგისტრირებულ ფირმას "ამერიკან მონოლითს" ეკუთვნის. ფირმას ბიზნესმენი გიორგი ასათიანი ხელმძღვანელობს.
ამის შესახებ `ინტერპრესნიუსს~ ფოთის ინფრასტრუქტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ირაკლი ნაჭყებიამ განაცხადა.
ნაჭყებიას თქმით, აღნიშნული ფირმა ფოთში ლარნაკას ქუჩაზე 2 ჰა-მდე მიწას უკვე ფლობს, საწარმოს სამაცივრე მეურნეობის გაფართოების მიზნით ისინი დამატებით 3000 კვადრატულ მეტრს მიწის ფართს ითხოვდნენ.
მიწის მიყიდვის თხოვნით ფირმა "ამერიქან მონოლითმა" პირველად ადგილობრივ ხელისუფლებას გასული წლის ბოლოს წერილობით მიმართა. საქმე განსახილველად ინფრასტრუქტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურს გადაეცა.
როგორც სამსახურის უფროსი აცხადებს, მათ ყველა პროცედურა კანონის სრული დაცვით შეასრულეს, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება კი მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა იყო.

























