მაშველები მდინარე არღუნში 2 წლის დემეტრე დაიაურისა და 4 თვის მამუკა არაბულის ცხედრების ძებნას დღესაც განაახლებენ

მდინარე არღუნში 2 წლის დემეტრე დაიაურისა და 4 თვის მამუკა არაბულის ცხედრების ძებნას მაშველები დღესაც განაახლებენ.
ამის შესახებ `ინტერპრესნიუსს~ შსს-ს საგანგებო სიტუციების მართვის დეპარტამენტის მაშველმა დავით შათირიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ბავშვების ცხედრების პოვნის შანსი მინიმალურიც აღარ არის, რადგან მდინარე იმდენად სწრაფია, რომ ერთ საათში უკვე ჩეჩნეთის ტერიტორიაზე გაიტანდა.
შათირიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მათ მდინარის 16 კმ-იანი ზოლი ჩეჩნეთის საზღვრამდე უკვე სამჯერ შეამოწმეს, თუმცა უშედეგოდ. ამის მიუხედავად დღეს ცხედრების პოვნას კიდევ ერთხელ შეეცდებიან.
მუცოს ხეობაში უბედური შემთხვევა 22 ივლისს, საღამოს მოხდა. "ჯიპის" ტიპის ავტომანქანა, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, ხრამში გადავარდა. შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა.
გარდაცვლილთა შორის არიან პოეტის და შატილის თემის საკრებულოს წევრის გელა დაიაურის მეუღლე და შვილები, დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული ოჯახით და გელა დაიაურის ცოლის და.
თავად გელა დაიაურმა და მისმა ცოლის ძმამ 19 წლის თორნიკე ქუმსიაშვილმა ავარიის დროს მცირე დაზიანებები მიიღეს. მანქანაში მყოფი კიდევ ერთი მგზავრი, დაიაურებისა და არაბულების მეგობარი თეონა ჭინჭარაული რესპუბლიკური საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

























