ახალი კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვა ხვალ გორში გაიმართება

საქართველოს პარლამენტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია ახალი კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვას ხვალ გორში გამართავს.

შეხვედრა გორის უნივერსიტეტში 11:00 საათზე დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, ჟურნალისტები და ადგილობრივი მოსახლეობა.

კომისიის ინფორმაციით, საჯარო შეხვედრა მიზნად ისახავს მედიის წარმომადგენლების, ექსპერტების, დაინტერესებული პირების და მოსახლეობის აზრის ასახვას საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის შემუშავების პროცესში.

შეხვედრა იქნება ინტერაქტიული და ყველა დაინტერესებულ მონაწილეს მიეცემა საშუალება გამოთქვას აზრი, შესთავაზოს სამუშაო ჯგუფს იდეები ან დასვას კითხვები.

პროექტის განხილვა ხვალვე თბილისში, ილიას უნივერსიტეტშიც გაიმართება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაესწრება.

ანალოგიური შეხვედრები მოსახლეობასთან საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩატარდება.

საჯარო შეხვედრის ორგანიზაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.