საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის განხილვა დღეს ფოთში გაგრძელდა

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის განხილვა დღეს ფოთში გაგრძელდა

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის განხილვა დღეს ფოთში გაგრძელდა.

პროექტი განხილვის მონაწილეებს - ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ და საყოველთაო–სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა გააცნეს.

დავით ბაქრაძის განცხადებით, თითოეული ადამიანის მოსაზრება უმნიშვნელოვანესია კონსტიტუციის საბოლოო ჩამოყალიბებისათვის, რაც ხალხის მოთხოვნებს, საჭიროებებს, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას უნდა ემსახურებოდეს.

ბაქრაძემ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტებაზე და პარლამენტის ფუნქციის გაზრდაზე გააკეთა აქცენტი, რაც, მისი თქმით, ევროპული მოდელია და, თავის მხრივ, ევროპული სტანდარტების კანონების მიღებას უწყობს ხელს.

როგორც დავით ბაქრაძე აღნიშნავს, პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნა, მხოლოდ ერთ, ქმედითუუნარობის შემთხვევაში შეეძლება.

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა აგვისტოში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც განხილვის პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. საკონსტიტუციო ცვლილებები, ძირითადად, სახელისუფლო შტოებს შორის ძალთა ბალანსის აღდგენას და პარლამენტის ფუნქციის გაძლიერებას ითვალისწინებს.

"ახალ კონსტიტუციაში შემოდის ხელისუფლების შტოების დაბალანსების მექანიზმი, რაც ტრადიციულ ევროპულ კონსტიტუციურ მოდელს წარმოადგენს. პრეზიდენტის, მთავრობის და პარლამენტის ინსტიტუტებს ექნებათ გაწონასწორებული უფლება-მოვალეობები და სამივე შტო თანაბარი ძალით იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე ინფორმაციით, ახლებურად ჩამოყალიბდება მთავრობის დაკომპლექტების წესიც, რაც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის პრეროგატივა იქნება.

საკონსტიტუციო-საბაზისო პროექტის თანახმად, ცვლილებები შედის 21-ე მუხლშიც, რომელიც საკუთრების უფლებას შეეხება. ახალი რედაქციით, საზოგადოებრივი საჭიროებისთვის კერძო საკუთრების ჩამორთმევა წინასწარი ანაზღაურებით მოხდება. მოქმედ კონსტიტუციაში ანაზღაურების ვადები მითითებული საერთოდ არ არის.

კონსტიტუციის ახალ პროექტში, ბაქრაძის განცხადებით, ორი უმნიშვნელოვანესი გარანტი ჩაიდო, რაც სახელმწიფოს ან სახელმწიფო მოხელის მხრიდან მიყენებული ნებისმიერი ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს.

ახალი რედაქციით, შეიცვლება სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების ფორმები. თუ აქამდე, კომპენსაციის გაცემა საბაზრო ფასის მიხედვით ხდებოდა, შემოდის ახალი ტერმინი "სამართლიანი კომპენსაცია", რომელიც მიყენებული ზიანის სიდიდის გამო შესაძლოა, საბაზრო ფასზე მეტი იყოს.

კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რაზეც დღეს გამახვილდა ყურადღება, მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებაა.

კონსტიტუციის ახალი პროექტის ძირითადი დებულებების გაცნობის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.