საქართველოს მთავარი პროკურატურა ნიკოლოზ კვეზერელის ბრალდების საქმეზე გამოძიებას განაგრძობს.
ამის შესახებ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ზაზა ქაჩიბაიამ დღეს გამართულ საგანეგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, 20 აგვისტოს საქართველოს მთავარი პროკურატურისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს ნიკოლოზ კვეზერელის დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთი აქტიური წევრი - ამხანაგობა "ბარნოვი-2"-ის ხელმძღვანელი ნანა ესაკია.
"წინასწარი გამოძიებით დადგენილია, რომ ესაკიამ ფიქტიური ფინანსური ოპერაციების განხორციელების გზით მიითვისა კორეელი ინვესტორის კუთვნილი, დაახლოებით 1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქონება, შემდგომში კი - დანაშაულის შენიღბვის მიზნით, მოახდინა მისი ლეგალიზაცია. კერძოდ, ჯერ დაუდგენელი პირების სახელით შეისყიდა მიწის ნაკვეთი და შენობები", - განაცხადა ქაჩიბაიამ.
მისივე თქმით, გამოძიება ადგენს უცნობი პირების ვინაობას. ნანა ესაკიას კი, ბრალი ედება თაღლითობასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში. დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში, 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და პროკურატურის თანამშრომლებმა ყოფილი დეპუტატი ნიკა კვეზერელი 6 აგვისტოს დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, კვეზერლმა კორეელ ინვესტორს შელ ო პაკს, მისი კუთვნილი ნაკვეთის გასაყიდად მოწყობილი აუქციონის ჩაშლის სანაცვლოდ, 10.000 აშშ დოლარი გამოსძალა.
2009 წელს კი, კვეზერელმა ამავე კორეელ ბიზნესმენს მშენებლობის სპეციალური ნებართვის მიღების სანაცვლოდ თაღლითურად გამოსძალა 250.000 აშშ დოლარი. კვეზერელი 2009 წელს, ასევე, თაღლითურად დაეუფლა კორეელი ინვესტორის "ინფინიტის" მოდელის ავტომობილს, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 40.000 აშშ დოლარს.
როგორც სამინისტროში აღნიშნეს, კვეზერელმა დაკავების დროს სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რაც სამართალდამცავებმა აღკვეთეს.
კვეზერელს ბრალი ედება 180-ე და 353-ე მუხლებით. დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ნიკა კვეზერელი ყოფილი მხედრიონელია, ამჟამად კი "კონსერვატიული" პარტიის წევრია.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"