ფეხბურთის ფედერაცია 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩების წინ ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებს ახალ სერვისს სთავაზობს.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გულშემატკივრებს თბილისში ჩასატარებელ მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა უფრო მარტივად საკუთარ უბანში შეეძლებათ. ამისათვის თბილისის ყველა უბანში სპეციალურ ავტომობილზე მოწყობილი მოძრავი სალარო ივლის.
გულშემატკივრებს 5 ბილეთის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად "მეთორმეტე მოთამაშის" მაისური გადაეცემა.
ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში წელს 2 მატჩს ჩაატარებს. 7 სექტემბერს ქართველი ფეხბურთელები ისრაელის ნაკრებს, ხოლო 8 ოქტომბერს მალტას ნაკრებს დაუპირისპირდებიან.