ბოლნისში დღეს წიგნის პირველი მაღაზია გაიხსნება

ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისში, დღეს წიგნის პირველი მაღაზია გაიხსნება . მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" ფილიალის გახსნის ცერემონიას მიწვეული სტუმრები - ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე და ბოლნისის გამგეობის წარმომადგენლები, ასევე მწერალი რეზო ჭეიშვილი და ბოლნისის ეპარქიის სასულიერო პირები დაესწრებიან. ღონისძიება 17:00 საათზე გაიმართება.
მაღაზია ბოლნისის გამგეობის გვერდით, სულხან-საბას #106-ში გაიხსნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შპს "ბიბლუსის" დირექტორმა თენგიზ ხელაიამ აცნობა, იქ, სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურასთან ერთად სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენაც იქნება შესაძლებელი.
"გარდა ამისა, მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის სასკოლო-საკანცელარიო ნივთებს ვთავაზობთ. რაიონში აქამდე წიგნის მაღაზია არ იყო და მნიშვნელოვანია, რომ ამიერიდან თანამედროვე, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის შედევრების გაცნობა ამ მხარის მოსახლეობასაც შეეძლება", - განაცხადა ხელაიამ.
დღესვე მაღაზიათა ქსელი `ბიბლუსი~ ორი მრავალშვილიანი ოჯახის ორ წარჩინებულ მოსწავლეს დააჯილდოებს. თენგიზ ხელაიას განცხადებით, მათ საჩუქრად `"ქართული პროზის საგანძურის" დღემდე გამოსული ყველა ტომი გადაეცემათ. გარდა ამისა, მაღაზიათა ქსელისაგან ჯილდოს სოციალურად დაუცველი ერთი სომხური და ერთი აზერბაიჯანული ოჯახიც მიიღებს. "ბიბლუსი" მათ სასკოლო-საკანცელარიო ნივთების ნაკრებს გადასცემს.

























