ბათუმის ყველა საჯარო სკოლის უსაფრთხოებას მანდატურები უზრუნველყოფენ

ახალი სასწავლო წლიდან ქალაქ ბათუმის ყველა საჯარო სკოლის უსაფრთხოებას მანდატურები უზრუნველყოფენ.

ბათუმის მე-3 საჯარო სკოლაში მანდატურთა 3-კაციანი ჯგუფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, კოკა სეფერთელაძემ და მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩახნაშვილმა წარადგინეს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის 18 საჯარო სკოლში 44 მანდატური იმუშავებს, ყველა მათგანმა გადამზადების ორკვირიანი პროგრამა საქართველოს შსს აკადემიაში გაიარა. "უსაფრთხო სკოლის პროგრამის" ფარგლებში, სკოლებში დამონტაჟებულია მაღალი დონის თანამედროვე უსაფრთხოების სისტემა, რომელიც, სკოლის ფართობიდან გამომდინარე, სხვადასხვა რაოდენობის ვიდეოკამერას მოიცავს. მე-3 სკოლის შიდა და გარე პერიმეტრზე 17 ვიდეოთვალია განლაგებული, რაც იმის გარანტიაა, რომ სკოლაში ბავშვები მუდმივად იქნებიან უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ და შესაბამისად, დაცული იქნება მათი უსაფრთხოება.

"მომავალში მანდატურები, გარდა კონფლიქტებისა და დანაშაულის პრევენციისა, ბავშვებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასაც შესძლებენ. ამით სრულყოფილი ხდება პროგრამა, რომლის განხორციელებასაც მანდატურთა ინსტიტუტის შემოღება ითვალისწინებს",-აცხადებენ სამინისტროში.