სასწავლო გემ "აკადემიას" რეაბილიტაცია ჩაუტარდა

განათლების სამინისტროს სახსრებით სასწავლო გემ "აკადემიას" რეაბილიტაცია ჩაუტარდა .
როგორც "ინტერპრესნიუს" განათლების სამინისტოდან აცნობეს, მინისტრის პირველმა მოადგილემ, კოკა სეფერთელაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, გია აბულაძემ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რეაბილიტირებული სასაწავლო გემი "აკადემია" დაათვალიერეს.
სასწავლებელს გემი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2010 წლის თებერვალში უსასყიდლოდ გადასცა. გემის რეაბილიტაციისთვის სამინისტრომ 50 000 ლარი გამოყო, რითაც მნიშვნელოვანი აღდგენითი და აღჭურვის სამუშაოები განხორციელდა.
სასწავლო გემის გადაცემამდე ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულები მხოლოდ სასწავლო დიპლომს იღებდნენ და სხვადასხვა გემებზე უხდებოდათ პრაქტიკული გამოცდილების დაუფლება. ამიერიდან სტუდენტები საკუთარ გემზე პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან და ექვსთვიანი კურსის დასრულების შემდეგ, პირველად საზღვაო აკადემიის ისტორიაში, მეზღვაური ე.წ. სამუშაო დიპლომსაც მიიღებს.
გემზე მომავალი მეზღვაურები პრაქტიკულ მეცადინეობას შემდეგ სპეციალობებში გადიან: გემთწამყვანობა, გემთმექანიკოსობა და ელექტრომექანიკოსობა, რაც საერთაშორისო საზღვაო კონვენციის მოთხოვნებს მთლიანად აკმაყოფილებს. ამ ეტაპზე მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან კრუინგულ კომპანიებში 5000 ქართველი მეზღვაურია დასაქმებული.

























