ჯონ ბასი USAID-ის პროექტს დახურავს

აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად სოფელ ძევერის საჯარო სკოლაში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საგენტოს (USAID) სკოლების რეაბილიტაციის პროექტს დახურავს.
პროექტი 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ რაიონებში განხორციელდა. პროექტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების რეგიონული რესურს-ცენტრი, სკოლების ადმინისტრაციები, მშობლები და მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი. პროექტის შედეგად დაახლოებით 3 500 მოსწავლე რეაბილიტირებულ სკოლაში გააგრძელებს სწავლას.
სკოლების რეაბილიტაციის პროექტი ნაწილობრივ აშშ-ის მთავრობის მიერ გამოყოფილი 1 მილიარდი დოლარიდან დაფინანსდა. პროექტის საერთო ღირებულებამ 2,9 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ თანხით შეკეთდა და გარემონტდა გორისა და ქარელის რაიონების 16 საჯარო სკოლა.
მორიგი, 9 მილიონიანი პროექტის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში 48 საჯარო სკოლა შეკეთდება.
აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი გორში, მე-9 საჯარო სკოლასაც ეწვევა. ის შეხვდება ინგლისური ენის ორ ამერიკელ სპეციალისტს, რომელიც გორში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამით იმყოფება. ჯონ ბასი შიდა ქართლში ვიზიტს გუბერნატორ ზურაბ არსოშვილთან შეხვედრით დაასრულებს.

























