სტეფანწმინდაში სახალხო დღესასწაული "ყაზბეგობა" გაიმართება
დაბა სტეფანწმინდაში ხვალ სახალხო დღესასწაული "ყაზბეგობა" გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მცხეთა-მთიანეთის რაიონის გამგეობიდან აცნობეს, სტეფანწმინდაში "ყაზბეგობის" აღსანიშნავი კულტურული და სპორტული ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება და საღამომდე გაგრძელდება. დღესასწაულზე წარმოდგენილნი იქნებიან ყაზბეგის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები, ასევე ესტრადის მომღერლები. "ყაზბეგობაზე" საკუთარი შემოქმედებით წარსდგებიან თანამედროვე ქართველი მწერლები და პოეტები. ქართული საბრძოლო ხელოვნების ნიმუშებს ხრიდოლი წარმოადგენს. დაგეგმილია დოღის ჩატარება.
"ყაზბეგობის" მთავარი მიზანია ხევის ტრადიციების პოპულარიზაცია და დიდი ქართველი მწერლის, ალექსანდრე ყაზბეგის ხსოვნის უკვდავყოფა.
ღონისძიება ტარდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ინიციატივით, ასევე საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მხარდაჭერით. "ყაზბეგობა 2010"-ის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან რადიო "პალიტრა" და საზოგადოებრივი მაუწყებელი.

























