დასავლეთ საქართველოს ახალი საოლქო პროკურორი ჰყავს
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ოზურგეთელი ალექსანდრე იმედაშვილი დაინიშნა.
იმედაშვილი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილა ცოტა ხნის წინ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ამასთან, ოზურგეთის რაიონულ პროკურატურას კახა ყოჩივარი უხელმძღვანელებს.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორმა, ზაზა ცხაკაიამ და ოზურგეთის რაიონულმა პროკურორმა, ილია ჯალაღანიამ თანამდებობები მიმდინარე კვირის დასაწყისში დატოვეს.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჯალაღანია და ცხაკაია პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდნენ.
არაოფიციალური ცნობით კი, პროკურორების გათავისუფლება უკავშირდება ბახმაროს რეკრეაციული ზონის გაჩეხვას. აღმოჩნდა, რომ ამ ზონაში 380 მაღალჩინოსანს მიწის ნაკვეთები უკანონოდ ჰქონდათ შეძენილი. გამოძიებას შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს. ამ საქმესთან დაკავშირებით თანამდებობები რამდენიმე კვირის წინ გურიის პოლიციის მაღალჩინოსნებმა და რამდენიმე საჯარო მოხელემ დატოვეს.

























