პეკინიდან-თეირანამდე

დიანა ტრაპაიძის და მარეხ სიდამონიძის სპეციალური რეპორტაჟი ირანიდან

სასტუმრო "აჭარა" თბილისში მისთვის ერთადერთი ნაცნობი მისამართია. შეხვედრის ადგილზე დიდხანს არ გვიფიქრია. კაფარი ჩვენი პირველი მძღოლი იქნება. სულ სამ მძღოლს გავიცნობთ და სამ საზღვარს გავივლით. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის ბილეთები ვერ ვიშოვეთ, საავტომობილო გზა პეკინის გამზირიდან თეირანამდე უალტერნატივოა.

20 საათი მე და მარეხმა ერთად უნდა ვიმგზავროთ. ჩვენ პალიტრა ჰოლდინგში ვმუშაობთ, საგამომცემლო სახლის ჟურნალები, გაზეთები, საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მსოფლიო მედიის გამოფენაზე უნდა წარვადგინოთ.

თბილისობაა. მანქანებით გადატვირთულ ქუჩაზე კაფარს ძლივს ვპოულობთ. მისი ძველი მანქანა ხასიათს მიფუჭებს. კაფარი მამშვიდებს, რომ საზღვარზე მისი შვილი ახალი "მერსედესით" გველოდება. ქართული საზღვარი მანქანიდან გადმოუსვლელად, სამ წუთში გავიარეთ. აზერბაიჯანის საზღვრის გავლის შემდეგ ვამბობთ, რომ ქართული საზღვარი საუკეთესოა კავკასიაში. ეს პოზიცია ირანულის შემდეგ უფრო მასშტაბური და მყარი ხდება. InterPressNews.Ge

აზერბაიჯანიდან ირანამდე კაფარის შვილის მგზავრები ვართ. ათ საათში ირანის საზღვარზე ვართ. ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლაა და აზერბაიჯანელები ხილის საყიდლადაც ირანში დადიან. საზღვარზე ისეთი ჭყლეტაა, ტელევიზორში, მექაში ლოცვისას რომ მინახავს.

პრეს-ვიზიან პასპორტებს მაღლა ვწევთ და განწირული ხმით მესაზღვრეს ვეძახით. აზერბაიჯანელებმა გაგვატარეს.

ირანელი ჯარისკაცი კი, პირველ რიგში, ჩემი ისედაც კონსერვატიული შარვლის კიდევ უფრო გაკონსერვატიულებას მთხოვს. ერთი შალი თავზე, მეორე წელზე და ასე გამოწყობილი დიდხანს ვცდილობ მესაზღვრეს ავუხსნა, რომ ჟურნალისტები ვართ და პრესის ფესტივალზე მივდივართ. პასპორტებს გულდასმით ათვალიერებს. ისრაელის ვიზიანი პასპორტი ირანში ჩემი სუსტი წერტილია. თუმცა არც იმდენად რომ ქვეყანაში შესვლა ამიკრძალონ. უკვე ირანში ვართ.

ასტარა სასაზღვრო ქალაქია. აქედან თეირანამდე რვაასი კილომეტრია. აქ კიდევ ერთ ტაქსს ვაჩერებთ. ჩვენი მესამე მძღოლი, ფარიდი, თბილისში გაზრდილი ირანელი აღმოჩნდა. ცოტა ქართულიც იცის.

რა პატარაა სამყარო და რა გრძელია გზა პეკინიდან თეირანამდე.

პოლიტიკური გეოგრაფია

გამოფენა ორშაბათს, ოთხ საათზე იხსნება. ამბობენ, რომ მაჰმუდ აჰმადინეჟადიც დაესწრება (ნეჟადი და არა ნეჯადი. ეს ნიკომ აგვიხსნა. ნიკო ნახუცრიშვილი დიდი ხანია საელჩოში მუშაობს. განსაკუთრებული ადამიანია).

მედია ფესტივალი თეირანის მნიშვნელოვანი მოვლენაა. საღამოს, სასტუმროს ნომერში, ახალი ამბების გამოშვებას ვუყურებ. ჯერ იყო სიუჟეტი გამოფენიდან და მერე აიათოლა ხამენეის გამოსვლა ყუმში (ხამენეი და არა ჰამენეი. ესეც ნიკოს დამსახურებაა).

InterPressNews.Ge4 საათზე მუსლიმური სამყაროს ყველაზე დიდ მეჩეთში ვიკრიბებით. აქ უზარმაზარი პავილიონი მოაწყვეს და მსოფლიოს 50 ქვეყნიდან მედია საშუალებები მიიწვიეს.

ირანისთვის "მსოფლიო" პოლიტიკური განსაზღვრება უფროა, ვიდრე გეოგრაფიული. გამოფენაზე არ მიუწვევიათ არც აშშ-ის, არც ბრიტანული, არც ესპანური და წამყვანი ევროპული ქვეყნების მედია, თუმცა არიან ჩინელები, იაპონელები, რუსები, აქ არის მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე, ახლო აღმოსავლეთი, ლათინური ამერიკა. გამოფენის შესასვლელში უზარმაზარი სტენდია, რომელსაც დიდი ასოებით აწერია პალესტინა.

ასეთია ირანის პოლიტიკური გეოგრაფია.

გამოფენაზე ინგლისიდან ჩამოსული ფატიმა გავიცანით. იგი ლონდონში ცხოვრობს და ალჟირის მედიისთვის მუშაობს.  თეირანში მისი მოხვედრა სწორედ ალჟირის დამსახურებაა. ფატიმა ირანში პირველად არ არის: "გასულ წელს აქ დემონსტრაციებს ვაშუქებდი. რამდენიმე დღეში, როცა ვითარება დაიძაბა, ირანიდან გაგვყარეს. არ მეგონა ხალხს თუ ჩააწყნარებდნენ, მთელი ახალგაზრდობა ქუჩაში იდგა. იცით, როგორ არ ჰგავს ახლანდელი თეირანი შარშანდელს?!..."

ომი თუ მშვიდობა

ქართველები არგენტინელებსა და რუსებს შორის მოვხვდით. სიგრძეში პავილიონები ასეა დალაგებული - ვენესუელა უგო ჩავესის დიდი ფოტოთი, არგენტინა, საქართველო და რუსეთი. გაცნობისთანავე არგენტინელი ჟურნალისტი ხუან მანუელ სანტოსი გვეუბნება, რომ კოლუმბიაში მყოფი სააკაშვილი ჰყავს ჩაწერილი, შემდეგ კი ამბობს იმას, რასაც ფიქრობს: "აშკარად დაგცინეს ორგანიზატორებმა, რუსების გვერდით რომ დაგსვეს. მეგონა მაგრად იჩხუბებდით".

InterPressNews.Geრუსეთს ”იზვესტია” და ”გაზეტა. რუ” წარმოადგენენ. უკვირთ, როგორ მოხვდნენ გამოფენაზე ქვეყანაში, სადაც მათი საიტები დაბლოკილია. ირანში კიდევ ბევრი საიტია მიუწვდომელი, ”Facebook”-ი კი საერთოდ ჩემს თეირანულ ტკივილად იქცა.

რუსებთან მეზობლობის გარდა, საყოფაცხოვრებო მეგობრობა - საერთო "ტრაინიკი" გვაკავშირებს.

ჩვენი ურთიერთობით ირანელი ალი ბრუშედიც გაკვირვებულია. იგი ყოფილი ჟურნალისტია, ახლა თარჯიმნობს. პროფესიაზე უარის თქმა ასე ახსნა: "აი, წარმოიდგენეთ სააკაშვილზე ცუდი რომ დაწეროთ და მან დაგაპატიმროთ. ჰოდა მოგინდებათ ასეთ დროს ჟურნალისტობა?”, - ეტყობა აჰმად ზაიდ აბადი იგულისხმა. ირანელ რედაქტორს 6 წელი აქვს მისჯილი.

ალიმ იცის სააკაშვილი, შევარდნაძე, გამსახურდიაც კი. სანამ გუმბარიძეს ახსენებს, ვეკითხები - საიდან ამდენი?

”თქვენთან სწავლა მინდოდა, ვერ ვისწავლე საქართველოში, მაგრამ ვისწავლე ბევრი რამ საქართველოზე”.InterPressNews.Ge

ალი ომზე მეკითხება: ”რა გაკავშირებთ ახლა თქვენ და რუსებს, ომი თუ მშვიდობა? იცით, ეს ომი ირანიდან როგორ ჩანდა? დიდი კაცი რომ პატარა ბავშვს გალახავს, ისე. მეგონა, აქ გვერდიგვერდ რომ დაგსვეს, იჩხუბებდით”.

InterPressNews.Geმე და მარეხს არავისთან გვიჩხუბია, სომხებმა და აზერბაიჯანლებმა კი სკანდალი მოაწყვეს.

სომხებმა საკუთარ სტენდზე ყარაბაღის სიმბოლო გააკრეს, ხოლო რუქაზე მთიანი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღნიშნეს. სომხურ პავილიონში აზერბაიჯანელები შევარდნენ და რუქა ჩამოხიეს, სომეხმა გოგონებმა იყვირეს. საქმეში ორგანიზატორები, ელჩები და მთელი საგამოფენო დარბაზი ჩაერია.

გაშველების და დაზავების ცენტრად რუსების პავილიონი იქცა. ჩვენც იქ ვსხდებით და კონფლიქტს ვაკვირდებით, რუსი ჟურნალისტები კი ფეხზე დგანან. კარგა ხნის შემდეგ ”გაზეტა. რუ”-ს ალექსეის ნახევრადხუმრობით ვეუბნები - ”პავილიონის ოკუპაცია მაინც აიტანეთ... თან დროებითია...”.

InterPressNews.Geპირველივე საღამოს კულტურისა და დამოძღვრის მინისტრის სახელით ვახშამი იმართება. ნიკოსთან ერთად თეირანს ვათვალიერებთ და მე და მარეხი ვაგვიანებთ. გაჭედილ დარბაზში ორი ცარიელი ადგილი ჩანს. ალექსეი გვიღიმის და ხელს გვიქნევს. სუფრაზეც პავილიონის მეზობლებთან ერთად ვართ.

მთელი საღამო კითხვებს ვერ ავუდივართ:

მართლა აღარ არის თქვენთან კორუფცია?

როგორ, პოლიციელი ქრთამს არ იღებს?

და როგორ მოახერხეთ?

და პოლიციელის ხელფასი რამდენია?

პროფესია ცენზორი

გამოფენის გახსნას ნეჟადი არა, მაგრამ პრესისა და ისლამური დამოძღვრის მინისტრი დაესწრო. იგი ოფიციალური ცენზორია, ეს მისი თანამდებობაა,(ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც ეს ფუნქცია შეთავსებითია) ამაში ხელფასს იღებს. მან საქართველოს სტენდთანაც ჩამოიარა და გურჯისტანელებს მოგვესალმა.InterPressNews.Ge

InterPressNews.Geგურჯისტანს მედია სახლი ”პალიტრა” წარმოადგენს,ირანში უამრავი ჟურნალ-გაზეთით ჩავდივართ, ”პალიტრის” მთელი პალიტრით. სტენდი ირანელებმა დაგვახვედრეს. გარედან თბილისის საკრებულოს ფოტოა და რამდენიმე ზოგადი ინფორმაცია - რომ გვყავს პრეზიდენტი, 13 მინისტრი, 150 დეპუტატი, რომ ვართ საპრეზიდენტო რესპუბლიკა, რომ საქართველოს დიდი ქალაქებია თბილისი, სოხუმი, რუსთავი, სუფსა...

გამოფენის გახსნას მთელი საელჩო ესწრება. ნიკო ფოტოებს გვიღებს.

კლასიკური თვითცენზურა

რა აზრის ხართ ირანულ მედიაზე?- კითხვა გამოფენის გახსნის დღეს ირანელმა ჟურნალისტმა დამისვა. ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ ირანულ მედიაზე აზრი სტენდების ვიზუალური დათვალიერების შემდეგაც ადვილად შევიქმენი. ვუპასუხე, რომ აზრის ჩამოყალიბების პროცესში ვარ. მეორე ჟურნალისტი სპორტული გაზეთიდანაა. ქვეყანაში, სადაც სტადიონებზე ქალის დასწრება იკრძალება, ჟურნალისტი მეკითხება- რატომაა სპორტი უფრო კაცების ინტერესის სფერო, ვიდრე ქალების?

ახლა მთლად დავიბენი. საკუთარ თავზე მეცინება, ინტერვიუებს რომ ვიძლევი.

მესამე გოგონას აინტერესებს მსგავსი ტიპის მედია-ფორუმები და ფესტივალები თუ ეწყობა საქართველოში?  აქაც გავჩერდი. აბა, მასმოდას ხომ არ ვეტყოდი და მეტი ვერაფერი გავიხსენე.InterPressNews.Ge

ჩადრიან ქალებთან გასაუბრების შემდეგ წარმოდგენა ირანულ მედიაზე რამდენიმე ადამიანის მონათხრობით უფრო გავამყარეთ.

არის მხოლოდ სახელმწიფო ტელევიზიები და მხოლოდ კეთილგანწყობილი გაზეთები (ხელისუფლებისადმი, ბუნებრივია).

სტატიები არ უნდა შეიცავდეს პიროვნების და სარწმუნოების შეურაცხყოფას, გარყვნილების ქადაგებას და არ უნდა არყევდეს სახელმწიფო წყობილების საფუძვლებს. ამაზე კონტროლს პრესაზე ზედამხედველობის 7-კაციანი საბჭო აწარმოებს, რომელშიც მოსამართლე, ისლამური დამოძღვრის მინისტრი, დეპუტატი, სასწავლებლის პროფესორი, რედაქტორი, ყუმის აკადემიის მასწავლებელი და კულტურული რევოლუციის საბჭოს წარმომადგენელი შედიან.

InterPressNews.Geპრესაზე ზედამხედველობის საბჭოს შეუძლია დროებით შეაჩეროს ან დახუროს "დამნაშავე" გაზეთის გამოცემა. შეურაცხყოფილ პირს შეუძლია ჩივილი პრესის სასამართლოში.

ყოფილა შემთხვევა, როცა რამდენიმე თვით სამთავრობო გაზეთიც კი დაიხურა. გაზეთ "ირანში" დაბეჭდილი კარიკატურა ირანელი აზერბაიჯანელების წყენის მიზეზი გახდა. რედაქტორისა და კარიკატურისტის საქმე პრესის სასამართლომ გაარჩია და "ირანი" დახურა.

ცენზურასთან ერთად ირანში კლასიკური თვითცენზურაცაა, სხვაგვარად ვერ იარსებებ.

სოციალური მედია კი, რომელიც ირანის არშემდგარი რევოლუციის მთავარი ძალა იყო, დღეს ძალებგანახევრებულია. ”Facebook”, ”Youtube”, ”Twiter” და ”Skype” დაბლოკილია.

ერთ საღამოს კულტურისა და ისლამური ურთიერთობის ორგანიზაცია გვმასპინძლობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჟურნალისტებს მოგვმართავს: ”დემოკრატია საზოგადოებაში ნიშნავს ყველას აზრის გათვალისწინებას. ასევე უნდა იყოს მსოფლიო, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი ქვეყნის ხმა ისმის. ეს დაუშვებელია. გთხოვთ მიიტანეთ ჩვენი ხმა თქვენს ქვეყნებამდე. რა იყო ირანის ხმა და რა სათქმელი ჰქონდა, არ დაუკონკრეტებია, თუმცა ირანის პრეტენზიები იმ ერთი ქვეყნის მიმართ ისედაც ცნობილია.InterPressNews.Ge

ფერეიდნელები

რეზაი და კახა ბოლო დღეს მოვიდნენ. ცოტა უცხო და უფრო მშობლიური, მელოდიური ქართულით საუბრობენ. კახას ფერეიდნელი ცოლი ჰყავს, რეზაის - სპარსი. ბავშვებისთვის ჩვენს ჟურნალებსა და გაზეთებს ვჩუქნით და ქალაქში სასეირნოდ მივყვებით. დღის ბოლოს ასე გვემშვიდობებიან - ”ღმერთს ებარებოდეთ”...InterPressNews.Ge

ჰიჯაბი

მკაცრი დრეს-კოდი. ეს მთავარი მოთხოვნაა. ისლამურ ტრადიციას სტუმრის კეთილ ნებაზე არავინ ტოვებს და რადგან ჩვენი იმიჯის სადარაჯოზე ლამის მთელი თეირანი დგას, მე და მარეხიც 35 გრადუსიან სიცხეში ძნელადასატან წესებს ვემორჩილებით. ხელის გამოჩენაზეც კი ქუჩაში გვაჩერებენ და შენიშვნას გვაძლევენ.

გამოფენის ორგანიზატორი ბატონი ხაღიყატია (ვერაფრით გავიგე ეს სახელია თუ გვარი) ჩვენს პავილიონში შემოდის და "ბომონდის" დანახვაზე ფერს კარგავს. ჟურნალის პირველ გვერდზე მკლავებშიშველი სოფო ნიჟარაძის ფოტოა. შეშფოთებული ხაღიყატი მაინც თავაზიანად გვთხოვს, დავმალოთ ჟურნალები – "იცოდეთ ეს ისლამური ქვეყანაა და სიშიშვლის პროპაგანდა დაუშვებელია".

InterPressNews.Geირანული ნორმებით ქალი ქუჩაში ჰიჯაბის (ისლამური ჩაცმულობის წესი) დარღვევით არ უნდა გამოდიოდეს. ჰიჯაბი მხოლოდ ჩადრს არ გულისხმობს. ქალს არ უნდა უჩანდეს სხეულის შიშველი ადგილები და ტანისამოსი ისეც არ უნდა ეცვას, რომ ქალის ფორმებს ხაზს უსვამდეს. ჰიჯაბის დარღვევით ქუჩაში გამოსულ ქალს პოლიცია ჯერ შენიშვნას აძლევს და თუ ის მითითებას არ ემორჩილება , მაშინ პოლიციაში მიჰყავთ და ოჯახის წევრებს ატყობინებენ. დაუმორჩილებლობისას სასჯელი შეიძლება იყოს - ჯარიმა, როზგი, პატიმრობა. ისლამური ჩაცმულობის წესი კაცებზეც ვრცელდება. ბოლო დროს მათაც ებრძვიან ტატუს და მოტკეცილი შარვლების გამო. პოლიცია რეიდებს ატარებს პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრებსა და კაფეებში, სადაც თავისუფალი ჩაცმულობის მოყვარული ახალგაზრდები იკრიბებიან. ირანის პოლიციის ერთ-ერთმა მღალჩინოსანმა, რომელიც ამ მიმართულებას კურირებს, თქვა - "ჩვენ არ ვებრძვით მოდისა და შიკ-ჩაცმულობის მოყვარულთ. ჩვენ ვიცავთ ისლამური ზნეობისა და ჩაცმულობის ნორმებს".

ჩრდილოვანი ირანი

მარეხი სულ ირანელ ქალებზე ”დარდობს”. ეს მისი ”საყვარელი თემაა”. ქუჩაში დავდივართ და ერთმანეთს ვეკითხებით - ნეტა როგორ არჩევენ აქ გემოვნებიანს და უგემოვნოს, თუნდაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალს...

ერთ დღესაც უფრო მეტი გავიგეთ, ვიდრე ვიცოდით. ქართველებისა და ირანელების ვერსიები ერთმანეთში ავურიეთ და ასეთი ისტორია მივიღეთ - ირანელი ქალი ყველაზე ჩაცმულია ქუჩაში და ყველაზე გახდილი სახლში. მათ უმეტესობას საკუთარი მანქანა ჰყავს, ირანელი ახალგაზრდები მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლობენ. კაცები ცოლებს ასე მიმართავენ - ჩემო ქალბატონო. ახალგაზრდა ირანელ გოგონებს ბოიფრენდებიც კი ჰყავთ.

მარეხი ”დამშვიდდა”.InterPressNews.Ge

ჩვენ ყველაფერს ვაკვირდებით და ვხვდებით, რომ ჩადრს ზოგისთვის მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს. ქუჩაში შეხვდებით ქალს უცნაურად მაღალი ვარცხნილობით, რადგან ჩადრი აიწიოს და სახე და თმებიც მეტად გამოჩნდეს.

აქვე დავწერ ირანულ სამზარეულოზეც, რადგან ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი. ოთხდღიანი დაკვირვება სამი სიტყვით ასე გამოიხატება - ბრინჯი, ბრინჯი, ბრინჯი. უკრაინელი კოლეგა სადილიდან სადილამდე გვეუბნება - უკვე მოვიწყინე ბრინჯის გარეშე.

InterPressNews.Geთეირანი-ბაქო, ბაქო-თბილისი

თეირანიდან გამოფენის დასრულებამდე გამოვფრინდით. ჩვენს შეხედულებებს იქაურ ცხოვრებაზე ბოლო შტრიხებს აიათენი ამატებს. ბაქოელი ეკოლოგი ეკოლოგიურად დაბინძურებულ 12 მილიონიან თეირანში მივლინებით ხშირად დადის. "არ იფიქროთ, რომ ჩამორჩენილი ქვეყანაა, აქ ძალიან თანამედროვე ქალები არიან, მერწმუნეთ. მათ ქმრები აღმერთებენ. მამაკაცები სახლში ყველაფერს აკეთებენ, რომ მათმა ქალბატონებმა თავი ბედნიერად იგრძნონ. ჩადრის ტარება კი უმეტესობას არ სიამოვნებს, მაგრამ ეს უკვე მათი არჩევანი არაა".

თვითმფრინავის ტრაპზე მარეხმა თავშალი ნახევრად მოიხადა, სალონში ასული კი ჩანთაში ისე ტენის, რომ დიდხანს აღარ ამოიღებს. არადა, როგორ უხდებოდა წითელი თავსაბურავი. ნიკოს მეუღლემ, თეა შურღაიამ გვითხრა, რომ არც ერთი ქალი უჩადროდ არაა იმაზე ლამაზი, ვიდრე ჩადრით...

ვიდრე ავფრინდებით, სალონს ვათვალიერებ. ჩადრი უკვე აღარავის ახურავს.

1389 წლის თეირანიდან 2010 წლის თბილისში საჰაერო გზით ვბრუნდებით - თეირანი-ბაქო ბაქო-თბილისი.

დიანა ტრაპაიძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო