ქართული აზეირბაიჯანი

მალხაზ ჭკადუას სპეციალური რეპორტაჟი ბოლნისის რაიონიდან ჟურნალისტების ჯგუფი ქვემო ქართლში მივდივართ.

- ყოფილხართ ოდესმე ქვემო ქართლის აზეირბაიჯანულ სოფლებში? – გვეკითხება ჯგუფის ხელმძღვანელი მარგარიტა ახვლედიანი.

პასუხი ყველას ერთნაირი გვაქვს - არა.

- თუ ასეა, მაშინ მეტად საინტერესო იქნება თქვენთვის საქართველოში მცხოვრებ აზეირბაიჯანელებთან შეხვედრა, - გვეუბნება მარგარიტა და მანქანაში თბილისში მომუშავე ჟურნალისტების მცირე ჯგუფი ვსხდებით.

თბილისიდან მარნეულში ჩავდივართ, იქედან კი გზად ცურტავს, ფარიზს და კიდევ რამდენიმე დასახლებულ პუნქტს გავდივართ და 40 წუთში სოფელ ტალავერში ვართ. ტრასიდან გადახვევის შემდეგ სოფლის შარა-გზაზე მოსახლეები გვხვდებიან, ზურგზე წყლით სავსე კასრებით, ძირითადად ქალები არიან. მინდორზე ახლად გაკრეჭილი ფარაა გაფენილი, ჰორიზონტზე ძველებური არქიტექტურული ძეგლის ნაშთები მოჩანს, სამწუხაროდ, არავინ იცის სახელი. საბჭოთა დროის ავტობუსი გვიახლოვდება. წარწერას ძლივს ვარჩევ: რუსულად აწერია "Фахрали" _ სოფლის შესასვლელთან კი ტრაფარეტია ქართული წარწერით "ტალავერი".

უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამას ვეკითხები ადგილობრივებს.

InterPressNews.Ge"გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში 37 სოფელს აზეირბაიჯანული სახელი გადაარქვეს და ჩვენი ფახრალიც ტალავერი გახდა", _ მეუბნება სოფლის ერთ-ერთი უხუცესი ვალიდა ხალილოვა და იხსენებს, რომ მაშინ სოფლის მოსახლეობას ეს გადაწყვეტილება არც ისე დიდი ხალისით მიუღია.

"ყველანი საქართველოს მოქალაქეები ვართ და, ღმერთის შემდეგ, ხელისუფლებას ვემორჩილებით, თუმცა გაუგებარია, რა მოიგეს იმით, რომ სოფელს ქართული სახელი დაარქვეს, ეკითხათ მაინც, რომ ამას აპირებდნენ. იმ დროს ახალგაზრდებს ძლივს ვაკავებდით, ტრაფარეტი რამდენჯერმე მოანგრიეს ტრაქტორით, დილით კი ისევ ახალი გვხვდებოდა. აგერ უკვე თითქმის ოცი წელი გავიდა და სოფელს მაინც ფახრალს ვეძახით", _ ამბობს ქალბატონი ვალიდა.

ტალავერი ბოლნისის რაიონს ეკუთვნის, სოფელში 13 000-მდე მოსახლეა. 2 სკოლაა, ერთ დროს საბავშვო ბაღიც ყოფილა. სოფლის ცენტრში "ნაციონალური მოძრაობისა" და პრეზენტ სააკაშვილის აზეიბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საარჩევნო პლაკატები დღემდეა გაკრული, გვერდით კი "ეროვნული საბჭო" ერთიანობისკენ ქართულ ენაზე მოუწოდებს ელექტორატს.

ქუჩაში მოსეირნე მოსწავლეს ვთხოვთ, ქართული წარწერა წაიკითხოს. გოგონა ღიმილით და დამარცვლით კითხულობს პოლიტიკურ მოწოდებას.

"ქართულს სკოლაში ლიკა მასწავლებელი გვასწავლის, მაგრამ ჯერ წერა-კითხვა თავისუფლად არ შემიძლია", - აზეირბაიჯანულად გვეუბნება და ჩვენი კოლეგა, ჟურნალ "ახალგაზრდობის ხმის" რედაქტორი რამილია ალიევა პატარა თანამგზავრის სიტყვებს გვითარგმნის.

InterPressNews.Geადგილობრივებისგან ვიგებთ, რომ ლიკა ერთ-ერთია იმ პედაგოგთა შორის, რომლებიც განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებში გაიგზავნენ ქართული ენის მასწავლებლებად.

"კარგი იქნება, თუ რამდენიმე ქართული ოჯახი იცხოვრებს ჩვენს სოფელში, მზად ვარ, სულაც ჩემთან ვაცხოვრო ახალგაზრდები _ ჩვენს ყოფასაც გაეცნობიან და ჩემი შვილიშვილებიც ქართულს კარგად ისწავლიან", _ მეუბნება ქალბატონი ვალიდა ხალილოვა.

მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ახალმა, მანამდე უცნობმა გარემომ საუბრის ინტერესი გაგვიზარდა და მეც მხცოვან ქალბატონს ბევრ რამეზე ვესაუბრე.

"წინათ უფრო მეტი ახალგაზრდა მიდიოდა სასწავლებლად ბაქოში, ახლა ბევრი მათგანი ფიქრობს თბილისში სწავლაზე. შარშან ჩვენი სოფლიდან ხუთმა ჩააბარა სახელმწიფო უნივერსიტეტში. რაღა მარტო ახალგაზრდები? გგონიათ, ჩვენ მოხუცებს არ გვინდა ქართული ვისწავლოთ?", _ მეკითხება.

InterPressNews.Geქალბატონი ვალიდას მხრიდან სახელმწიფო ენის შესწავლის სურვილი სულაც არ გამკვირვებია. აი, სოფლის ჯერ დაუმთავრებელი მეჩეთის ეზოში კი, იმან ნამდვილად გამაოცა, რომ აქ ქალბატონს სოფლის უხუცესი მამაკაცები და ახალგაზრდა ხოჯაც კი გულისყურით უსმენდნენ. მორიდების გრძნობას ცნობისმოყვარეობამ სძლია და ვუთხარი, როგორც ვიცი, მაჰმადიანურ საზოგადოება ქალს ნაკლებად მიიჩნევს მამაკაცის თანასწორად, თქვენ კი ასე გულდასმით გისმენთ სოფელი, რა არის მიზეზი?

"ორჯერ ვარ მექაში ნამყოფი, ერთხელ ჩემი გარდაცვლილი მეუღლის სულის საოხად, მეორედ კი დაღუპული შვილის გამო. ალბათ ამიტომ... მექასა და სხვა წმინდა ადგილებში მოლოცვა ნებისმიერ ადამიანს მეტ ძალას, სიბრძნეს და ავტორიტეტს მატებს ხალხში", _ მეუბნება ქალბატონი ვალიდა. ვიგებ იმასაც, რომ მისი შვილი მოსკოვში დანებით და ხელკეტებით შეიარაღებული "თავგადახოტრილი" ახალგაზრდების ჯგუფს მოუკლავს.

"მართლა არ მეგონა, გადავიტანდი თუ არა, მაგრამ ღმერთი მოწყალეა და დაღუპული შვილის სანაცვლოდ, შვილიშვილი მომივლინა. არასდროს ისეთ გასაჭირს არ მოგვივლენს გამჩენი, რისი გადატანაც არ შეგვიძლია", _ მეუბნება და მეჩეთის ეზოში მდებარე სათავსოს ერთ ოთახთან მივყავარ. ვხედავ შავი ქსოვილით გარშემოვლებულ კუბოს ფიცრებს. სანამ რამეს გავიფიქრებ, მეუბნება:

"აქ იმდენად უჭირს ხალხს, რომ ხშირად კუბოს ფულიც კი არ გვაქვს და ამ ფიცრების გამოყენება გვიწევს. თუმცა, ჩვენი რწმენაც გვეუბნება, რომ მიცვალებული სუდარაში გავახვიოთ და ისე დავასაფლავოთ, მაგრამ მაინც, ვისაც აქვს შესაძლებლობა, საკუთარ მიცვალებულს კუბოში ასვენებს", _ ერთია წიგნებში ამოიკითხო სხვა კულტურისა და რელიგიის ხალხის ცხოვრება, მეორეა, რეალობაში შეეჯახო იმას, რაც აწუხებთ.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ტალავერში თვეების განმავლობაში ვერ გვარდებოდა, მეჩეთის მშენებლობის დაუსრულებლობაა.

XX საუკუნის დასაწყისში აგებული მინარეთი საბჭოთა კავშირის დროს, ქრისტიანული ეკლესიების მსგავსად, პარტიულმა ფუნქციონერებმა საქონლის სადგომად და სათავსოდ გამოიყენეს. წვიმამ, ქარმა და სიცხემ წლების წინ სალოცავის კედლებიც ჩამოანგრია.

2009 წელს სოფელს მისი აღდგენა გადაუწყვეტია. ინიციატორი და პირველი შემოწირულობის შემომტანი ქალბატონი ვალიდა გახლდათ: "შვილის დაღუპვის შემდეგ ოქროს როგორ გავიჩერებდი, ყველაფერი გავყიდე და ღმერთს შევწირე", _ იხსენებს ქალბატონი ვალიდა. უხუცეს ქალბატონს სხვებმაც მიბაძეს და დაიწყეს საუკუნოვანი მეჩეთის რესტავრაცია.

InterPressNews.Geთუმცა, ამ დრომდე სალოცავის აღდგენა დასრულებული არ არის. მიზეზი კი ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ქმედება გახდა (მოგვიანებით, ბოლნისის საკრებულოს წევრისგან კარა გულმამედოვსიგან გავიგეთ, რომ ეს ჯგუფი "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" იყო).

"მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ეს ქართული მიწაა და ვინ მოგცათ მეჩეთის მშენებლობის უფლებაო? ჯერ ქართულ ეკლესიებს მიხედეთ და მერე აიშენეთო? დიდად არ გავძალიანებულვართ, მოვერიდეთ სიტუაციის დაძაბვას, თან სასულიერო შესამოსელი ჰქონდა რამდენიმეს", _ იხსენებს სოფლის ხოჯა ადილ ნაბიევი.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მორიგეობა სოფელ ტალავერში 5 თვე გაგრძელდა. თებერვლის თვეში სოფლის მკვიდრებმა წერილით მიმართეს საქარველოს პრეზიდენტს, კულტურის სამინისტროს, სახალხო დამცველს (გიორგი ტუღუში მხარის გუბერნატორთან და ბოლნისის გამგებელთან ერთად ჩასულა სოფელში), საქართველოს მართლმადიდებულური ავტოკეფალური ეკლესიის საპატრიარქოს.

სოფელში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის მდივნის, დეკანოზ მამა მიქაელ ბოტკოველის წერილი ჩავიდა. ამ წერილს იქაურების ინახავენ და ჩვენც გვაჩვენეს:

"მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა კურთხევით მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ საქართველოს საპატრიარქო არასოდეს ერევა მსგავს ქმედებებში და არ გააჩნია არანაირი პრეტენზია თქვენს სოფელში აღადგინოთ თქვენი სარწმუნოების სალოცავი. ნებისმიერი ქმედება სალოცავის აღდგენის წინააღმდეგობისა არ იქნება მოწონებული საპატრიარქოს მხრიდან. იგი ჩაითვლება პიროვნების თვითნებობად".

სულიერთან ერთად, მატერიალური საკვების მოპოვება და მიღება სოფლის მკვიდრებისთვის არც ისე ადვილ საქმეს წარმოადგენს. მოსახლეობა თავს ძირითადად, მეცხვარეობით და კარტოფილის, ლობიოს და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანით ირჩენს, მიწაზე საკუთრების მიღება კი ის პრობლემაა, რომელიც ტალავერელების თქმით, კიდევ კარგა ხანს არ მოგვარდება.

"კომუნისტების შემდეგ მიწები სახელმწიფომ იმ ადამიანებზე გაყიდა, დღემდე რომ თვალით არ გვინახავს. მოდიან ადამიანები და მათ ვუხდით არენდის თანხას (ჰექტარზე 1000 ლარი). მაშინ კი, როცა მიწის გაყიდვაზე აუქციონი ტარდებოდა, არც გვატყობინებდნენ ან თუ გვეუბნებოდნენ, ისეთ ფასს დაადებდნენ, რომ შესაძენად სახლის გაყიდვა დამჭირდებოდა", _ ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი.

მიწისგან განსხვავებით, წყლის საკითხი მეტ-ნაკლებად მოგვარებულია. ყოველ ქუჩაზე წყალსაქაჩები დამონტაჟდა და მოსახლეები წყალს კასრებით ეზიდებიან.

InterPressNews.Geდა გზა... რა თქმა უნდა, გზა, რომელზე გავლაც ჩვეულებრივ მსუბუქ მანქანას გაუჭირდება. ბოლნისის საკრებულოში სოფლიდან არჩეული კარა გულმამედოვი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ყოველწლიურად თითო კილომეტრს აგებს, ბიუჯეტის ნაწილს კი ახალი კლუბის ასაშენებლად ხარჯავს. "რა უფრო პრიორიტეტულია, ტრასამდე დასაკავშირებელი გზის დასრულება თუ ახალი კლუბი?" _ ჟურნალისტების კითხვაზე თვითმმართველობის წარმომადგენელი ამბობს, რომ სულ რაღაც 2.5 კილომეტრია დარჩენილი ტრასამდე _ ან ჩვენი მანქანის სპიდომეტრმა აურია ან ჩვენ შეცდომით გვეჩვენა ტრასამდე მისასვლელი გზა, სულ მცირე, 7-8 კმ-მდე).

...

მეჩეთის ეზოში გადახურულში ჩაის და უგემრიელეს ტკბილეულს მივირთმევთ. დაკვირვებული ვარ, რომ ახალ გარემოში დროც ახლებურად, უფრო აჩქარებულად გარბის.

"დღეს ჩვენებურად ვერ გაგიმასპინძლდით, მაგრამ მეჩეთს რომ დავასრულებთ, ყველას დაგპატიჟებთ", _ ასე გვემშვიდობება ქალბატონი ვალიდა და ხელს გვიქნევს.

უკანა გზაზე ახლა უკვე მარნეულიდან მომავალი სამარშრუტო ტაქსი შემოგვხვდა წარწერით "Фахрали", სოფლის გასასვლელთან კი ისევ "ტალავერს" ვკითხულობთ...

"დაანებეთ ჩემს ცოლს თავი", - ცნობილი ფილმის ცნობილი ფრაზა მახსენდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო