"ახალი მემარჯვენეები" ქუთაისში მშენებარე პარლამენტის დასათვალიერებლად არ შეუშვეს

ქუთაისში მყოფმა "ახალი მემარჯვენეების" ლიდერებმა ადგილობრივ მედიასთან საპროტესტო განცხადება გააკეთეს.
პარტიის თავმჯდომარემ, დავით გამყრელიძემ და მისმა თანაგუნდელებმა ქუთაისში, მშენებარე პარლამენტთან მომხდარი ინციდენტი გააპროტესტეს.
როგორც ბრიფინგზე ითქვა, დავით გამყრელიძეს, ფიქრია ჩიხრაძეს, დავით საგანელიძესა და სხვებს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მშენებლობის დათვალიერება სურდათ, თუმცა ისინი იქ არ შეუშვეს.
"ჩვენ გვსურდა ჩვენი თვალით გვენახა, თუ რაში იხარჯება ათეულობით მილიონი, რომელშიც სხვათა შორის ქართველი ხალხის და მათ შორის ჩვენი ფულიც არის, თუმცა იქ კატეგორიულ წინააღმდეგობას წავაწყდით", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
პარტიის ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება მილიონობით ლარს ათეთრებს და ამიტომაც სურთ ეს პროცესი გამჭვირვალე არ იყოს.
"ახალი მემარჯვენეები" ქუთაისში მეორე დღეა იმყოფებიან. ისინი მხარდამჭერებთან და აქტივისტებთან შეხვედრებს მართავენ.

























