მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" წევრები კახეთში პარტიას ტოვებენ

მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" კახეთის რაიონული ორგანიზაციების წევრები პარტიას ტოვებენ. როგორც პარტიის წარმომადგენლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, მათთვის პარტიის ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის მიერ რუსეთთან დაკავშირებით გატარებული პოლიტიკა მიუღებელია.
პარტიის დატოვების შესახებ, მოძრაობის წევრებს, განცხადება დღეს, გურჯაანის ოფისში უნდა გაკეთებინათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გურჯაანის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შმაგი გაბახაძემ აცნობა, თუმცა პრესკონფერენცია აღარ შედგა.
გაბახაძის განცხადებით, 3 დეკემბერს, თბილისში, შიდა პარტიული ყრილობა გაიმართება და გადაწყვეტილებებს იქ მიიღებენ. "ყრილობაზე გადაწყდება ზოგიერთი წევრის პარტიაში დარჩენის საკითხი", - აღნიშნა გაბახაძემ.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში იმყოფება. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქში ექსპრემიერი ქართული, აფხაზური და ოსური დიასპორების წარმომადგენლებს, ასევე, მმართველი პარტიის - "ედინაია როსიას" ხელმძღვანელებს შეხვდება. ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვს ამჟამად რიგით მეათე ვიზიტით ეწვია. ვიზიტი მოსკოვში რამდენიმე დღე გაგრძელდება.

























