ჯვრის მონასტერთან დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართება

ჯვრის მონასტერთან დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივით ხვალ, მცხეთაში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია - "გონივრულად გარემოსთან, პოლიეთილენის პაკეტი ბუნების მტერია" გაიმართება.

აქციაში მონაწილეობას "მწვანე კლუბის" წევრებთან და სტუდენტებთან ერთად მინისტრი გოგა ხაჩიძე მიიღებს. მცხეთის ჯვრის ფერდობს პოლიეთილენის პარკებისგან გაწმენდენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების: ილიას, ტექნიკურის, სასოფლოს, თბილისის სახელმწიფოს, სოხუმის, საქართველოს ეროვნული, ევროკავკასიური უნივერსიტეტების, ფილიპე გოგიჩაიშვილის ინსტიტუტის სტუდენტები და ახალგაზრდული კლუბი "ისანის" წარმომადგენლები.

ეკოლოგების მოკვლევით, ადამიანი გარემოს ყველაზე მეტად პოლიეთილენის ნაწარმით აბინძურებს. ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში იწარმოება დაახლოებით ტრილიონი პოლიეთილენის პაკეტი, რომელიც ვერ გადამუშავდება და მეორედ ვერ გამოიყენება. ნაწარმი, რომელიც გამოიყენება რამდენიმე წუთით, ბუნებაში იხრწნება 400 წლის შემდეგ. მათი დაწვისას გამოიყოფა ნივთიერება, რომელიც ატმოსფეროს ძალიან აბინძურებს.

გარემოს დაცვის სამინისტრო ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, გარემოს დასუფთავებაზე იზრუნოს.