მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობისას, ქვეყანაში არარეგისტრირებული მედიკამენტების შემოტანა, შესაძლებელი იქნება.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის" შესახებ კანონში შედის.
კანონის მოქმედი რედაქციით გაწერილია ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით შემოტანის გამონაკლისი შემთხვევები, რაც მხოლოდ და მხოლოდ არაკომერციული მიზნით უნდა განხორციელდეს. გამონაკლის შემთხვევებში შედის კლინიკამდელი და კლინიკური კვლევებისათვის წამლის შემოტანა. ასევე, რეგისტრაციისათვის – ნიმუშის სახით; ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის; გამოფენის, სიმპოზიუმის, კონფერენციის, ფორუმისა და კონგრესისათვის – ნიმუშის სახით, რეალიზაციის უფლების გარეშე; რეექსპორტისათვის; საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის ან/და ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით; როგორც ადგილობრივი წარმოებისათვის განკუთვნილი დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქტი; განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივად დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება) ჰუმანიტარული მიზნით.
ამ ჩამოანათვალს, კერძოდ კი განსაკუთრებულ პირობებს, მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობაც დაემატება.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, როგორც წესი, მედიკამენტები გამოიყენება სპეციფიკური ინფექციების სამკურნალოდ, რომლის მკურნალობასაც სახელმწიფო ფარავს. შესაბამისად, ბაზრის მხრიდან არ არსებობს აღნიშნული მედიკამენტების რეგისტრაციის მოთხოვნა. კანონპროქტში ასეთივე შემთხვევად არის დასახელებული ვაქცინების შემოტანაც.
განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოში არარეგისტრირებული მედიკამენტების შემოტანაზე გადაწყვეტილებას აქამდე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იღებდა, კანონპროქტით კი ეს უფლება სამინისტროს გადაეცემა.
კანონპროექტის ავტორი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა.