მიხეილ სააკაშვილმა და ილია მეორემ ქუთაისში ოპერა და "მიუზიკ ჰოლი" გახსნეს

ქუთაისში ოპერისა და "მიუზიკ ჰოლის" გახსნას სულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრნენ .
ქუთაისის ოპერისა და ~მიუზიკ ჰოლის~ რეაბილიტაცია-მშენებლობა 4 მილიონ 800 ათასი ლარი დაჯდა.
პირველი ღონისძიება "მიუზიკ ჰოლში" დღეს გაიმართა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორეს მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები შესრულდა.
როგორც ღონისძიებაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, 2011 წელი საქართველოში ქუთაისის წლადაა გამოცხადებული.
"ვისაც არაფრის სჯერა და მხოლოდ ქილიკობს, ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ. ვისაც ეგონა, რომ ქუთაისისგან არაფერი დადგებოდა. ვიტყვი, რომ ეს არის არა მხოლოდ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, არამედ ძალიან ლამაზი, მაგარი, დახვეწილი ევროპული ქალაქი. მე დაბადების დღე ოჯახურ წრეში ქუთაისში ავღნიშნე, კაფეში ვისხედით და ვფიქრობდი, რომ ამაზე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა რამდენიმე წლის წინ. ჩვენ დღეს გავხსენით ოპერა და "მიუზიკ ჰოლი". საერთოდ, 2011 წელი ქუთაისის წელია საქართველოში. იმ გაგებით, რომ ქუთაისში დამთავრდება პარლამენტის მშენებლობა, ქუთაისში დასრულდება მთავრობის კანცელარიის მშენებლობა, გაიხსნება ახალი საწარმოები, სადაც უამრავი ხალხი დასაქმდება და აქ ახალგაზრდებს ექნებათ პერსპექტივები. ეს არის მართლა მაგარი ქალაქი. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ჩვენი ზომის ქვეყნებისგან განსხვავებით, რამდენიმე ქალაქს ვავითარებთ",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა
"მიუზიკ ჰოლის" გახსნამდე საქართველოს პრეზიდენტმა "თიბისი" ბანკის ქუთაისის ფილიალის მშენებლობაც დაათვალიერა. დღესვე მიხეილ სააკაშვილმა "თიბისი ბანკის" ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით დააჯილოვა.

























