ზუგდიდში "ქართული პარტიის" აქტივისტი დაჭრეს

ზუგდიდში "ქართული პარტიის" აქტივისტი დაჭრეს

ზუგდიდში დღეს, დაუდგენელმა პირებმა, "ქართული პარტიის" აქტივისტი დავით სორდია მუცლის არეში ცივი იარაღით დაჭრეს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პარტიის რეგიონული ორგანიზაციის შეკრებისას, დავით სორდიამ ოფისი დროებით დატოვა და ქუჩაში გავიდა, სადაც მას, შელაპარაკების პროვოცირების დროს, დანით ჭრილობები მიაყენეს.

"ქართული პარტიის" შეფასებით, ინციდენტი პოლიტიკური ხასიათისაა, რადგან პარტიის აქტივისტზე ფიზიკური ანგარიშსწორებით, დანაშაულის დამკვეთები და შემსრულებლები "ქართული პარტიის" ბრძოლისუნარიანობის შესუსტებას გეგმავდნენ.

"20 იანვარს იგეგმება "ქართული პარტიის" ზუგდიდის საქალაქო ორგანიზაციის ოფისის გახსნა და ამდენად, სავარაუდოდ, ეს პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან ამ ღონისძიების ჩაშლისკენ არის მიმართული", - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

"ქართული პარტია" მომხდარის ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.