ბათუმის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატი" წევრები სამარშუტო ტაქსების მძღოლებს შეხვდნენ

ბათუმის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატი" წევრები მერიის წინ გამართული აქციის მონაწილეებს შეხვდნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან" აცნობეს, ბათუმში 1-ლი თებერვლიდან სამარშუტო ხაზების შემცირება იგეგმება, რასაც მძღოლების პროტესტი მოჰყვა.
"ქრისტიან-დემოკრატების" ინფორმაციით, ისინი საარსებო წყაროს გარეშე დარჩენის საშიშროებაზე საუბრობდნენ და მერთან შეხვედრას ითხოვდნენ.
"ამ ადამიანების უკან ოჯახები დგას, რომელთაც ულუკმაპუროდ დარჩენა ემუქრებათ. აუცილებელია, ხელისუფლებამ მძღოლებთან მოლაპარაკებები გამართოს და კონსესუსამდე მივიდეს. უნდა მოიძებნოს ორივე მხარისთვის მისაღები გამოსავალი. მერიას ვთავაზობთ, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტზე მძღოლების შერჩევისას უპირატესობა სწორედ ამ ადამიანებს მიანიჭოს", - განაცხადა ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ბათუმის" თავმჯდომარემ, ნაზი ქობულაძემ.
სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისა და "ქრისტიან-დემოკრატების" მოთხოვნებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

























