საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ვანის რაიონის სოფელ კუკასრიდში, 13:17 საათზე დაფიქსირდა.
მიწისქვეშა ბიძგები დასავლეთ საქართველოში სამჯერ განმეორდა, თუმცა შედარებით ნაკლები სიმძლავრით. სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მეორე ბიძგის სიმძლავრემ – 4,2, ხოლო მესამემ - 4,1 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე იგრძნობოდა. მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია, თუმცა დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში სახლებს ბზარები გაუჩნდა. სტიქიამ იმერეთის მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. შეფერხდა მობილური კავშირიც.
ვანის რაიონში მიწისძვრამ რამდენიმე სახლი დააზიანა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ვანის გამგებელმა, ზურაბ გეგიძემ განუცხადა, ვითარების შესასწავლად ეპიცენტრში სპეციალური ჯგუფები გაგზავნეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სამაშველო სამსახურების გამოძახება საჭირო არ გამხდარა. გამოძახებები არც ვანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში შესულა. სამსახურის ხელმძღვანელმა არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაციაც, თითქოს რაიონის ერთ-ერთი მცხოვრები მიწისძვრის დროს სახლის ფანჯრიდან გადმოხტა.
ძლიერი მიწისქვეშა ბიძგების გამო ვანის მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაიბზარა ძველი სახლების კედლები, თუმცა ნგრევის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ვანელები აცხადებენ, რომ მიწისძვრიდან ერთი საათის განმავლობაში ქუჩაში იყვნენ.
"ინტერპრესნიუსი" ქუთაისის, ზესტაფონისა და საჩხერის მცხოვრებლებსაც დაუკავშირდა. მათი განცხადებით, სტიქიას ნგრევა არ გამოუწვევია, თუმცა რამდენიმე სახლს ბზარები გაუჩნდა.
როგორც ზესტაფონელები ამბობენ, მიწისქვეშა ბიძგები სამჯერ განმეორდა, შესაბამისად, რაიონის მცხოვრებთა ნაწილმა ქუჩაში გასვლა ამჯობინა.
განმეორებითი ბიძგები არ უგრძვნიათ საჩხერეში. როგორც მოსახლეობა აცხადებს, სტიქიას ნგრევა არ მოჰყოლია და ნელ-ნელა სახლებს უბრუნდებიან. ჩვეულ რიტმს უბრუნდება ცხოვრება ქუთაისშიც.
მონიტორინგის ცენტრი ვანის რაიონში მცირე ბიძგების გაგრძელებას, ორი კვირის მანძილზე ვარაუდობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე თეა გოდოვაძემ განუცხადა, დღეს ვანში მომხდარი მიწისძვრა იმ სიმძლავრის იყო, რომ მას მცირე ბიძგები, ე.წ. აფთერშოკები, აუცილებლად მოჰყვება.
შესაბამისად, მოსალოდნელი ბიძგები მოსახლობაში პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს.
რაც შეეხება მიწიძვრების სტატისტიკას: 1920 წელი - ძლიერი მიწისძვრა გორთან, მიწისძვრის მაგნიტუდა 6,2, ხოლო ინტენსივობა - ეპიცენტრში 8-9 ბალი. მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა.
1963 წელი - სოფელ ჩხალთასთან მოხდა 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, რომლის ინტენსივობამ ეპიცენტრში 9 ბალი შეადგინა. მიწისძვრას მოჰყვა ნგრევა.
ყველაზე მასშტაბური მოვლენა საქართველოს ტერიტორიაზე 1991 წელს მომხდარი მიწისძვრა იყო, რომელიც რაჭის მიწისძვრის სახელით არის ცნობილი.
1991 წლის 29 აპრილს, გრინვიჩის დროით 09:12 საათზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის მაგნიტუდა 6,9; ხოლო ინტენსივობა ეპიცენტრში - 9 ბალი. მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭისა და იმერეთის მაღალმთიან სოფლებში მდებარეობდა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 200-მდე ადამიანი. რაჭის, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში დაინგრა და დაზიანდა, დაახლოებით, 46 000 საცხოვრებელი სახლი, 1000-მდე საწარმო და სხვა ობიექტი, უსახლკაროდ დარჩა 100 000-მდე ადამიანი. მიწისძვრით მიყენებული ზარალი 10 მილიარდ მანეთად შეფასდა. მიწისძვრას დიდი რაოდენობით ე.წ აფთერშოკები მოჰყვა. მათგან ზოგიერთი საკმაოდ ძლიერი, რომლებიც დამატებითი ნგრევისა და მსხვერპლის მიზეზი გახდა.
რაჭის მიწისძვრიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ 1992 წლის ოქტომბერში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - მაგნიტუდა 6,5; ხოლო ინტენსივობა ეპიცენტრში - 8 ბალი იყო. ეპიცენტრი ბარისახოსთან მდებარეობდა.
2002 წლის 25 აპრილი - თბილისში მიწისძვრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი მათგანი გულის შეტევით გარდაიცვალა. მიწისძვრის ინტენსივობა 6 ბალი იყო, ეპიცენტრი თბილისიდან სამხრეთით, 21 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა. დაინგრა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ძირითადად, თბილისის ძველ უბნებში - მთაწმინდაზე, სოლოლაკსა და ისანში.
2003 წლის 1 მარტი - დილის 5 საათზე თბილისში, რიხტერის შკალის მიხედვით, 3 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრი ორთაჭალში იყო. ბიძგებს ნგრევა არ მოჰყოლია.
2006 წლის 6 თებერვალი - დილით, დაახლოებით 8:05 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა და რიხტერის შკალით 5.1 ბალი შეადგინა. ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა. არსებული ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
2009 წლის 8 სექტემბრის მიწისძვრის შედეგად, რომლის ეპიცენტრი ონის რაიონში იყო, რაჭაში 1000-ზე მეტი სახლი დაზიანდა. სულ მცირე, 400 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ეს იმ ოჯახების რაოდენობაა, რომელთა საცხოვრებელი ან დაინგრა ან ისე დაზიანდა, რომ აღდგენას არ დაექვემდებარა.
2010 წელს კი, საქართველოში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის 15-მდე მიწისძვრა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა, ზურაბ ჯავახიშვილმა აღნიშნა, საქართველო სეისმური აქტივობის თვალსაზრისით საშუალო ზონას მიეკუთვნება, სადაც მცირე ბიძგები ტრადიციულია, მაგრამ ბოლო 20 წლის განმავლობაში შედარებით მაღალი მიწის რყევების მაჩვენებლებით რაჭა და ჯავახეთი გამოირჩეიან.
"კავკასიონის ზეგანზე მდებარე რაჭა, ასევე, ჯავახეთი გეოგრაფიულად ისეთ ფილებზე მდებარეობენ, რომ მიწისქვეშა რყევები მცირე ამპლიტუდებით ყოველთვის ხდებოდა. თუ რატომ გახშირდა ონში შედარებით ძლიერი მიწისძვრები, ეს სერიოზული კვლევის საგანია. ფაქტია, ბოლო 20 წლის განმავლობაში რაჭის ამ რაიონში მიწისძვრების სტატისტიკა გაიზარდა", - აღნიშნა ზურაბ ჯავახიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მიწისძვრების მოკლევადიანი პროგნოზირება მსოფლიოში ჯერ ვერ ხერხდება. რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზებს, სეისმოლოგები სეისმურად აქტიურ რეგიონებში მოსალოდნელი მიწისძვრების შესახებ მხოლოდ ვარაუდის დონეზე პროგნოზირებენ.
ნინო წივწივაძე
"ინტერპრესნიუსი"
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"