"სამოსელი პირველი" პირველ კოლექციას წარმოადგენს

"სამოსელი პირველი" დღეს პირველ კოლექციას წარმოადგენს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ბაგრატიონი 1882"-დან აცნობეს, ჩვენება "ბაგრატიონი 1882"-ის დარბაზში გაიმართება. წარმოდგენილია 40-ზე მეტი მოდელი, სამკაულებითა და აქსესუარებით.

კოლექცია მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა კუთხისთვის დამახასიათებელ სამოსს და თანმხლებ აქსესუარებს, რომლებსაც "რუსთავის", "სუხიშვილებისა" და "ერისიონის" მოცეკვავეები წარმოადგენენ. ეროვნული ტანისამოსის ჩვენებას მუსიკალურად ნიაზ დიასამიძე ფააფორმებს.

ქალთა კოლექცია მოიცავს ქართული სარტყელ-გულისპირიანი კაბებს ქათიბებით, ჩიხტი-კოპებითა და მანდილებით; აჭარულ კაბებს სარტყელებითა და თავსაბურავი ყაბალახებით. მეგრულ-აფხაზურ კაბას ვერცხლის ქამრითა და ჩაფრასტებით; რაჭულ სამოსს ტრადიციული მანდილით; მოხევურ, სვანურ, თუშურ, მესხურ სამოსს ვერცხლის ჩაფრასტებით, ქამრებითა და სამკაულებით, მანდილითა და კუჭურაით; ხევსურულ კაბას და ქოქლოს. გარდა ამისა, ჩვენებაზე წარმოდგენილი იქნება ქალის სხვადასხვანაირი ახალუხი, ჩექმა და ფეხსაცმელი.

მამაკაცების კოლექციაში წარმოდგენილი იქნება გურულ-აჭარული ჩაქურა წუღა-მესტით, ნაჭრის სარტყლითა და ტყავის ქამრით, ტყავის სასწრაფოთი, საფულითა და მათარით, თავადური კაბა ვერცხლის ქამრით, ხევსურული ჩოხა და ტალავარი, ასევე თუშური ზამთრის ჩოხა, ქართლ-კახური სადა და "თავადური"-ნაქარგი, მეგრული და რაჭული ჩოხები ვერცხლის ქამარ-ხანჯლითა და ქილებით, გრძელი და მოკლე ახალუხები, ყაბალახები, აზიური და მხედრული ჩექმა.

როგორც "ბაგრატიონში" აცხადებენ, კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ეროვნული სამოსის (როგორც ქალის, ისე მამაკაცის) აქსესუარების წარმოებას, როგორებიც არის ჩოხის მასრები, ხანჯლები და სატევრები, ქალისა და მამაკაცის სარტყელები, საფულეები, ქისები, ქალისა და მამაკაცის ეროვნული სამოსის შესატყვისი ჩექმა, ფეხსაცმელი და სხვა. ამ მიზნით კომპანიას მჭიდრო თანამშრომლობა აქვს საქართველოში წამყვან საეკლესიო და საერო სახელოსნოებთან "ფოკანი", რომლებსაც ტიხრული მინაქრის ცნობილი ხელოვანი დავით კაკაბაძე ხელმძღვანელობს. სწორედ "ფოკანთან" თანამშრომლობით და "სამოსელი პირველის" შეკვეთით არის მომზადებული დასახელებული აქსესუარების კრებული.

ჩვენება დღეს, 6 თებერვალს 18.00 საათზე დაიწყება.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში