იაპონიის ერთ-ერთი ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც დღეს "ჩრდილო ტერიტორიების დღეს" აღნიშნავენ, ტოკიოში რუსეთის საელჩოსთან რუსეთის დროშა შეურაცხყვეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
აქციის მიზანი იყო, კიდევ ერთხელ მოეწოდებინათ რუსეთისთვის კურილიის ნახევარკუნძულების დაბრუნება, რომელიც ორ ქვეყანას შორის სადავო ტერიტორიაა.
იაპონიის ულტრამემარჯვენე ორგანიზაციების წარმომადგენლები რუსეთის საელჩოსთან დილიდან იკრიბებიან. ავტობუსებზე დამონტაჟებული დინამიკებიდან კი ისმის მოწოდებები – "დაგვიბრუნეთ ჩრდილო ტერიტორიები", "თქვენ უკანონოდ გაქვთ ოკუპირებული ჩვენი მშობლიური მიწა".
ავტობუსებზე დამაგრებულია იაპონიის დროშები. აქტივისტების ნაწილმა დიპლომატიური მისიის შენობაზე გამოკიდებული დროშა ჩამოგლიჯა. საელჩოსთან საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია.
საელჩოსთან ახლოს რამდენიმე ასეული პოლიციელი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მორიგეობს. მობილიზებულია რამდენიმე ბრონირებული ავტომანქანა.
გასული წლის ნოემბერში, კუნძულ კუნაშირს პირველად, ისტორიის მანძილზე რუსეთის პრეზიდენტი ესტუმრა. დიმიტრი მედვედევის გზა, მოგვიანებით ვიცე პრემიერმა, იგორ შუვალოვმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დიმიტრი ბულგაკოვმა და რეგიონების მინისტრმა, ვიქტორ ბასარგინმაც გაიმეორეს. გასულ კვირას კურილიის კუნძულებს თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვიც სტუმრობდა.
აღნიშნული ვიზიტების გამო ტოკიომ უკმაყოფილება გამოხატა და რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტაც გაუგზავნა.
ტოკიოს საპასუხოდ მოსკოვმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს ხელმძღვანელი პირები საკუთარი ქვეყნის რეგიონებში ვიზიტების შეთანხმებას არავისთან აპირებენ.