“ოცნების” შეფასებით, წევრობა არაა თვითმიზანი, თუ “ტერიტორიების, სუვერენიტეტისა და იდენტობის დათმობა მოგვიწევს”
ჯანდაცვის მინისტრის ხმაურიანი ინტერპელაცია - ბრალდებები და პათეტიკა
აღლუმი წითელ მოედანზე სამხედრო ტექნიკის გარეშე
* * *
“ოცნების” შეფასებით, წევრობა არაა თვითმიზანი, თუ “ტერიტორიების, სუვერენიტეტისა და იდენტობის დათმობა მოგვიწევს”
“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ევროკავშირთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის, თუმცა, მიაჩნიათ, რომ “საქართველო არასდროს დადგება უკრაინისა და მოლდოვის გზაზე, რომელიც გულისხმობს ტერიტორიების დათმობითა და სახელმწიფოს გაუქმებით ევროკავშირში წევრობას” და ფიქრობენ, რომ ევროკავშირის წევრობა არ არის თვითმიზანი იმ შემთხვევაში, “თუ ამის გამო ტერიტორიების, სუვერენიტეტისა და იდენტობის დათმობა მოგვიწევს”. როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, ევროპელი ლიდერები უკვე ღიად მიუთითებენ, რომ იმისათვის რომ უკრაინაში საბოლოოდ მშვიდობა დამყარდეს და ევროკავშირში გაწევრიანდეს, მას ტერიტორიების დათმობა მოუწევს. მოლდოვის შემთხვევაში კი პრეზიდენტმა მაია სანდუმ არაერთხელ ახსენა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე მოკლე გზა რუმინეთთან შეერთებაა... შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი აცხადებს, რომ ესაა მორიგი პროპაგანდისტული განცხადება პაპუაშვილის მხრიდან, რადგან ევროკავშირი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიულ მთლოანობას მხარს უჭერს და ბლოკში გაწევრიანების სანაცვლოდ, ტერიტორიების დათმობას არ ითხოვს”, - ევროინტეგრაციის პერსპექტივა - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით “ოცნების” შეფასებით, წევრობა არაა თვითმიზანი, თუ “ტერიტორიების, სუვერენიტეტისა და იდენტობის დათმობა მოგვიწევს”.
“პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირის წევრობა არ არის თვითმიზანი იმ შემთხვევაში, “თუ ამის გამო მოგვიწევს, დავთმოთ ტერიტორიები, სუვერენიტეტი და იდენტობა... გუშინ ვნახეთ გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადება. მან თქვა, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების წინსვლისთვის სავარაუდოდ დასჭირდება ტერიტორიების დათმობა. ასევე ვიხილეთ მოლდოვის პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც კვლავ გაიმეორა, რომ მოლდოვის სახელმწიფოს გაუქმება და რუმინეთის ნაწილად გადაქცევა არის ყველაზე ოპტიმალური გზა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის... როდესაც მაგალითად გვიყენებენ ხოლმე უკრაინას და მოლდოვას, მინდა, ვუთხრა ყველას ევროკავშირშიც, ბრიუსელში და მათ სატელიტებს საქართველოში, რომ ევროინტეგრაციის უკრაინული და მოლდოვური გზა არ არის ქართული გზა, საქართველო არასდროს დადგება უკრაინისა და მოლდოვის გზაზე, რომელიც გულისხმობს ტერიტორიების დათმობითა და სახელმწიფოს გაუქმებით ევროკავშირში წევრობას... “, - თქვა მან. ამასთან, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა კითხვას, როგორ შეაფასებს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ „ევროკავშირი 6 ევროპული ქვეყნის არჩევნებში ჩაერია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაჩენი გამოუტანა ევროკავშირს, ევროკავშირის დემოკრატიას, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს იმ სახით, რომელსაც ცდილობენ, რომ რეკლამაში წარმოგვიდგინონ. სინამდვილეში, ევროკავშირში, ევროკომისიის, თუ სხვა პოლიტიკური ჯგუფების ორგანიზებით ხდება სისტემური და სისტემატური ჩარევა არჩევნებში. მაგალითები შესწავლილია. ეს არის განაჩენი ბრიუსელის წინააღმდეგ, რომ ნებისმიერი მათი საუბარი დემოკრატიულ არჩევნებზე არის ლიტონი სიტყვები”, - ამბობს პაპუაშვილი”, - განაგრძობს გამოცემა.
“უკრაინის შემთხვევაში ეს ნამდვილად აღარაა სადღაც კულუარებში ნათქვამი, ჯერ იყო და ფინეთის ლიდერმა თქვა, შემდეგ უკვე კანცლერმა მერცმა გაიმეორა, რომ იმისათვის, რომ უკრაინაში საბოლოოდ მშვიდობა დამყარდეს, მას ტერიტორიების დათმობა მოუწევს, სავარაუდოდ რეფერენდუმის სახით. იგივე გერმანიის მთავრობის მეთაური ამბობს, რომ უკრაინას ევროკავშირში გავაწევრიანებთ, მაგრამ სწრაფად არაო - ეს რას ნიშნავს? ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ოკუპანტი რუსეთისთვის ტერიტორია დათმე, მაგრამ ევროკავშორული პერსპექტივა ან გექნება, ან არაო. შესაბამისად, შალვა პაპუაშვილმა სწორად განაცხადა, რომ სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არცერთ საერთაშორისო კლუბში გაწევრიანებაზე არ იცვლება.... ამის გამო რომ “ოცნების” ხელმძღვანელობა და მისი მხარდამჭერები პროპრუსულობაში დაადანაშაულო, ეს დიდი უსინდისობაა. პრორუსულობაში მერცი და მისი სხვა კოლეგები დაადანაშაულონ, რომლებიც უკვე დაუფარავად, უკრაინელი ხალხის სისხლის ხარჯზე, ამ უმსგავსობას ამბობენ. მოლდოვას პრეზიდენტი სანდუ კი, არაერთგზის პირდაპირ აცხადებს, რომ მას რუმინეთთან შეერთება ურჩევნია, ამით ევროკავშირში გაწევრიანების გზას უფრო დაიმოკლებს. მან საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთოდ ხაზი გადაუსვა - ესაა მოლდოვაში პატრიოტიზმი და ეროვნული ინტერესების დაცვა?”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“მორიგი პროპაგანდისტული ხასიათის განცხადებაა, რომ თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, მაშინ ეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე უნდა მოხდეს, რაც რეალობას არ შეესაბამება. ბუნებრივია, ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემდა და პატივს სცემს. თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, აფხაზეთი და ცხინვალი აღიარებული იქნება, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი. არც უკრაინას არ სთხოვენ, რომ ყირიმი, დონეცკი, და ლუგანსკი ე.წ. რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიაროს ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ და არც მოლდოვას არ სთხოვენ დნესტრისპირეთი აღიაროს. სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის ნაწილს ამის სჯერა და ეს განცხადებაც მათზეა გათვლილი”, - ამტკიცებს ნიკა ჩიტაძე.
ჯანდაცვის მინისტრის ხმაურიანი ინტერპელაცია - ბრალდებები და პათეტიკა
“ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინტერპელაცია პარლამენტში მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა - ფრაქცია “საქართველოსთვის” დეპუტატის, ქეთევან ბაკარაძის მძიმე ბრალდებებს დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა, თავად მინისტრმა კი ოპონენტის გამოსვლას “უსინდისობა” და “დემაგოგია” უწოდა. მიხეილ სარჯველაძის ინტერპელაცია ფრაქციამ “საქართველოსთვის” მოითხოვა... ქეთევან ბაკარაძის გამოსვლამ “ოცნების” დეპუტატები გააბრაზა, ბაკარაძის კომენტარს, როცა საინტერპელაციო თემების წარდგენისას სარჯველაძეს ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში მინისტრი უწოდა, დარბაზიდან ხმაური შეძახილები გამოიწვია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიში სათაურით ჯანდაცვის მინისტრის ხმაურიანი ინტერპელაცია - ბრალდებები და პათეტიკა.
“თქვენ არა ხართ უბრალოდ წარუმატებელი მინისტრი, თქვენ ხართ ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი. იმედია, დღეს მაინც შეიკავებთ თავს პოპულისტური მესიჯბოქსისგან, პროპაგანდისგან და ამომწურავ პასუხს გასცემთ კითხვას, რატომ ვერ იცავს სახელმწიფო მოქალაქეებს, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. გაითვალისწინეთ, დღეს თქვენ გიყურებენ ბავშვები, რომელთა მშობლები მათი სიცოცხლის გადასარჩენად კანცელარიის წინ ღამეებს ათენებენ”, - განაცხადა ბაკარაძემ. მან დასძინა: “ვის ეჯიბრებით? დაავადებულ ბავშვებს, რომლებიც წამალს და სიცოცხლეს ითხოვენ? - ძალიან შორს ხართ მოქალაქეებისგან, თქვენს კომფორტულად მოწყობილ ოთახებში ვერ აღწევს დედების პროტესტის ხმა”. საპასუხოდ კი სარჯველაძემ ბაკარაძის გამოსვლას “ყალბი პათეტიკა” უწოდა. “არ შემიძლია არ ვუპასუხო ჩემ წინ გამოსულ ადამიანს. ამას პოლიტიკური პოპულიზმი და დემაგოგია კი აღარ ჰქვია, სიტყვა “უსინდისობასაც”, სიტყვა “პოლიტიკურის” დაყოლებაც აღარ უნდა - ეს არის უბრალო, ადამიანური უსინდისობა. იმავდროულად, უტიფრობა და ჩემდა გასაკვირად, დიდი დილეტანტიზმიც. დილეტანტიზმიც და იმავდროულად, ამორალურობაც”, - თქვა სარჯველაძემ, რომელმაც მთავარი აქცენტი დიუშენის საკითხზე გააკეთა”, აღნიშნავს გამოცემა.
“აღნიშნა, რომ სამინისტრო შედეგისთვის მუშაობას გააგრძელებს. “ჩემი მიზანი და სურვილია მშობლებთან ერთად ვიმუშაოთ, მივიღოთ ყველა კითხვაზე პასუხი და გავაუმჯობესოთ მკურნალობის ეფექტიანობა პაციენტებისთვის. ამაზე სამინისტრო მუშაობას განაგრძობს. ეს არ დაწყებულა დღეს, ეს საკმაოდ დიდი ხნით ადრეა დაწყებული მანამ, ვიდრე აქ მჯდომი, ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი ამ საკითხით დაინტერესდებოდა. მთელი ოპოზიცია გულშემატკივრობს, რომ რამენაირად მშობლები იდგნენ ქუჩაში და არაფერი გაკეთდეს. ეს მათ აწყობთ და, ნებსით თუ უნებლიედ, ამ საქმეს ბინძურად ემსახურებიან, რადგან ამაზე ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების დაგროვებას. ამის უფლებას ვერავის მივცემთ და ამიტომაც სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას შედეგისთვის და არა პოლიტიკური ქულების დასაწერად, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც, რეალურად, გულშემატკივრობენ და თანაუგრძნობენ ამ ხალხს, პაციენტებს და ვსაუბრობ, , რომელიც ამ საკითხში ოპოზიციონერების პოზიციასაც გამოეხმაურა”, - განაგრძობს გამოცემა.
“ჩემს სიცოცხლეში ვერ ვიკადრებ ისეთ რამეს, რასაც ახლა პოლიტიკოსებისგან ვუყურებ, რომ ამ ბავშვების ტრაგედიით, მათი მძიმე მდგომარეობით, მათი მშობლების სასოწარკვეთით იპარაზიტონ, იწურბელონ, და ამაზე ქულები დაიწერონ. არ ვიცი ამაზე ცუდი რამ რა შეიძლება იყოს. ეს არის სიბინძურე, სიგლახე, არ შეიძლება ამის შეწყნარება და გაგრძელება”. მისი თქმით, შესაძლოა დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებების პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატოს შშმ პირის, შშმ ბავშვის მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი. მისი განმარტებით “არის მოსაზრება, დავიწყოთ მუშაობა სამმხრივი კომისიის წევრებთან შშმ პირთა დასაქმების კვოტირების სისტემის შემოღების მიზანშეწონილობის განსაზღვრის მიზნით, რომელიც ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, როგორც შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის ეფექტური ინსტრუმენტი. მოკლევადიან პერსპექტივაში, ვფიქრობთ, პროფესიულ მომზადება-გადამზადებაში ჩართულ შშმ პირებთან, მათ შორის განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამის ფარგლებში გადამზადებულ შშმ პირებთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლის საფუძველზე, აქტიურად დავიწყოთ ინდივიდუალური მუშაობა, თითოეული მათგანის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით”, - დასძენს გამოცემა.
აღლუმი წითელ მოედანზე სამხედრო ტექნიკის გარეშე
“რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის წითელ მოედანზე 9 მაისს დაგეგმილ აღლუმზე სამხედრო ტექნიკის კოლონები და სამხედრო კურსანტები არ იქნებიან წარმოდგენილები, ინფორმაციას “ბი-ბი-სი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, სამხედრო ტექნიკის კოლონა აღლუმში მონაწილეობას “არსებული ოპერატიული სიტუაციის” გამო არ მიიღებს. “ბი-ბი-სი” წერს, რომ ეს პირველი შემთხვევაა 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, როცა სამხედრო ტექნიკა წითელ მოედანზე გამართულ აღლუმში 9 მაისს მონაწილეობას არ მიიღებს. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, 9 მაისს დაგეგმილი აღლუმის საჰაერო ნაწილი ჩატარდება. “აღლუმის საჰაერო ნაწილის დროს, რუსული პილოტაჟის ავიაჯგუფების თვითმფრინავები წითელ მოედანზე იფრენენ, ხოლო აღლუმის დასასრულს, “სუ-25” საშტურმო თვითმფრინავების პილოტები მოსკოვის ცას რუსეთის დროშის ფერებში შეღებავენ”, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აღლუმი წითელ მოედანზე სამხედრო ტექნიკის გარეშე - “ტერორისტული საფრთხის ფონზე ყველა ზომა მიიღება საფრთხის მინიმიზაციისთვის”.
“რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სამხედრო ტექნიკა მონაწილეობას უკრაინის მხრიდან “ტერორისტული საფრთხის” გამო არ მიიღებს. “კიევის რეჟიმი, რომელიც ყოველდღიურად კარგავს პოზიციებს ბრძოლის ველზე, სრულად ტერორისტულ საქმიანობაში ჩაერთო. ამიტომ, ამ ტერორისტული საფრთხის ფონზე, რა თქმა უნდა, ყველა ზომა მიიღება საფრთხის მინიმიზაციისთვის”, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისას. მისი თქმით, 2026 წელს სამხედრო აღლუმი შარშანდელთან შედარებით შემცირებული ფორმატით ჩატარდება. პესკოვმა აღნიშნა, რომ წლევანდელი ღონისძიება არ არის მნიშვნელოვანი წლისთავი - 2025 წლისგან განსხვავებით, როდესაც პუტინს ნაცისტების დამარცხების 80 წლისთავის აღსანიშნავად უცხოელი ლიდერები, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შეუერთდნენ.”, - აღნიშნავს გამოცემა.
“თუმცა, განცხადებამ, რომ აღლუმში იარაღი არ იქნებოდა გამოყენებული, კრემლის კრიტიკოსების მწვავე კომენტარები გამოიწვია. “აჯანყების ეშინიათ? თუ უკრაინაში ყველა აღჭურვილობა დაიწვა?” - სოციალურ ქსელში დაწერა აბას გალიამოვმა, კრემლის ყოფილმა სპიკერმა, რომელიც ამჟამად რუსეთის “უცხოელი აგენტების” სიაშია. გამოცემა “როიტერსი” წერს, რომ აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან ვაშინგტონი ირანთან კონფლიქტზეა ფოკუსირებული, რუსეთი ბოლო კვირების განმავლობაში ბრძოლის ველზე თანდათანობით წინსვლას აღწევს, ხოლო უკრაინამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რუსეთის პორტებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს”, - დასძენს გამოცემა.