ხაშურს დღეს ლიტვის ელჩი ეწვევა

ხაშურს დღეს ლიტვის ელჩი ეწვევა

ხაშურს დღეს ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი ეწვევა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, პასლაუკასი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, მამუკა მოსიაშვილთან და ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატ სერგო ქიტიაშვილთან ერთად, გამოფენას გახსნის, რომელსაც საელჩოს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

გამოფენა ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 21-ე წლისთავთან დაკავშირებით, ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში იმართება.

კვირეული დღეს ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოფენით "გზა თავისუფლებისაკენ" გაიხსნება, სადაც გამოფენილი იქნება ლიტვის ამსახველი ფოტომასალა.

დღევანდელი ღონისძიება იმ ტრადიციის გაგრძელებაა, რომელსაც გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი. მაშინ ლიტველი ფოტოგრაფის ტომას კაუნეცკასის ფოტოები გამოიფინა.

სტუმრები ხაშურის საქალაქო კულტურის სახლში ვალენტინობასთან დაკავშირებულ კონცერტსაც დაესწრებიან, რომელიც ხაშურელი ახალგაზრდებისათვის ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივივითა და დაფინანსებით ტარდება.

ლიტვის საელჩოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამ ხნის მანძილზე, ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში გაიხსნა უფასო ინტერნეტცენტრი; სურამისა და ტაშისკარის ბავშვთა სახლებში გახსნილია მინანქრის, გობელენისა და თექის დამუშავების ცენტრები; დაბა სურამში მოეწყო თანამედროვე მოსაცდელი და ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრს საჩუქრად გადაეცა სხვადასხვა დასახელების ტექნიკა.