პოლონელმა ფოტოგრაფმა და გალერისტმა ვლადისლავ ჟუხოვსკიმ განაცხადა, რომ კომპოზიტორ ფრედერიკ შოპენის სიკვდილის შემდეგ გადაღებული ფოტო აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ესოშიეითედ პრესი" ავრცელებს. დაგეროტიპი, რომელიც შესაძლოა, ლუი-ოგიუსტ ბისონის მიერ არის გაკეთებული, ჟუხოვსკიმ შოტლანდიელისგან შეიძინა.
ფოტო, რომელზეც კომპოზიტორია აღბეჭდილი, 1849 წლით არის დათარიღებული. ვარშავაში მდებარე შოპენის მუზეუმის დირექტორმა განაცხადა, რომ ამ ინფორმაციის დადასტურება არ შეუძლია, რადგან ფოტო არ უნახავს.
"ნიუსლენდი" წერს, რომ თუ აღმოჩენის უტყუარობა დადასტურდა, ეს ფაქტი შესაძლოა სენსაციად შეფასდეს. ამ დროისთვის შოპენის მხოლოდ ორი ფოტოა ცნობილი. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ლუი-ოგიუსტ ბისონმა გადაიღო 1849 წელს.
ფოტოს უტყუარობას ისიც ამტკიცებს, რომ პარიზში შოპენის გარდაცვალება მთელ ფრანგულ კულტურაში დიდი მოვლენა გახდა. მოქანდაკე ოგიუსტ კლეზინჟემ, რომელიც შოპენის საფლავის ძეგლის ავტორია, დაამზადა შოპენის ნიღაბი გარდაცვალებისთანავე. ხელოვნებათმცოდნეები ფიქრობენ, რომ ფოტოგრაფ ბისონს კომპოზიტორის სიკვდილის შემდეგ ფოტოს გადაღების ყველა შესაძლებლობა ჰქონდა.