მილანში ნინო ყაუხჩიშვილის ხსოვნის დღეს მოეწყობა

იტალიის ქართული სათვისტომო მილანში ღვაწლმოსილი ქართველი ემიგრანტისა და საზოგადოების დამაარსებლის ნინო ყაუხჩიშვილის ხსოვნის დღეს მოაწყობს.ღონისძიება 20 მარტს კულტურული საზოგადოების "სამშობლო – გულით სატარებელი"-ს ინიციატივით გაიმართება.

მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იტალიაში, ნინო ყაუხჩიშვილის კოლეგები და ყოფილი სტუდენტები. წარმოდგენილი იქნება მისი ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა. საღამოზე ქალთა ვოკალური ჯგუფის "სინტონია –თბილისი" ქართულ სიმღერებს შეასრულებენ.

ნინო ყაუხჩიშვილი 1919 წლის 20 აგვისტოს ბერლინში, მიხეილ ყაუხჩიშვილის ოჯახში დაიბადა. ინჟინერი, ელექტრო-მექანიკოსი, ქიმიკოსი მიხეილ ყაუჩხიშვილი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ 1918 წელს გააგზავნა საქართველოს წარმომადგენლად შვედეთში, ხოლო 1919 წ. გადაიყვანეს გერმანიაში, სადაც მან თავისი საქმიანობა ფირმა "სიმენსს" დაუკავშირა. 1931-39 წლებში იყო ფირმის დირექტორი გერმანიაში, ხოლო 1939-47 წლებში იმავე ფირმის იტალიური განყოფილების დირექტორი. ყაუხჩიშვილის პროექტით აშენდა საქართველოში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პირველი რიგი. მიხეილ ყაუხჩიშვილი იყო აკადემიკოს სიმონ ყაუხჩიშვილის ძმა.

ნინო ყაუხჩიშვილმა ბერლინში დაამთავრა კლასიკური გიმნაზია, შემდეგ კი სწავლობდა ჯერ ბერლინის (ქართულ ენას მიხაკო წერეთელი ასწავლიდა), შემდგომ მილანის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე რომანისტიკის განხრით.

წლების განმავლობაში ნინო ყაუხჩიშვილი იყო ბერგამოს უნივერსიტეტის სლავისტიკის კათედრის გამგე, ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პრორექტორი. ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას მილანის, ტურინის, ბერგამოს, პარმის, ბარის უნივერსიტეტებში და ყველგან ჩამოაყალიბა სლავისტიკის კათედრა.

1958 წლიდან ყაუხჩიშვილისა და მისი ძმის გიორგის ცხოვრება მჭიდროდ დაუკავშირდა საქართველოს. მათ თბილისში მცხოვრებ ნათესავებთან დაკავშირების საშუალება მიეცათ. ამას კონკრეტული საქმეც მოჰყვა. ნინო ყაუხჩიშვილის თაოსნობით საქართველოში სისტემატურად ჩამოდიოდნენ ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, ქართველოლოგები. მისი ინიციატივითა და სპონსორობით იტალიაში გაიმართა ქართული ხელოვნების სიმპოზიუმები: ბერგამოში – 1974 წელს, ბარისა და ლეჩეში – 1980 წელს, პავიაში –1986 წელს. 1979 წელს მისივე თაოსნობით ბერგამოში გაიმართა კავკასიოლოგთა სიმპოზიუმი. პარალელურად აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში გამართულ ქართული ხელოვნების სიმპოზიუმებში (1977, 1983, 1989 წწ.).

1999 წელს სამშობლოს წინაშე დიდი დამსახურებისათვის ნინო ყაუხჩიშვილს მიენიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქეობა. 2005 წლიდან შეუდგა იტალიაში გაფანტული ქართველების შემოკრებას და 2008 წელს დააფუძნა კულტურული საზოგადოება "სამშობლო –გულით სატარებელი", რომლის პრეზიდენტიც იყო გარდაცვალებამდე.

ნინო ყაუჩხიშვილი მილანში 2010 წლის 4 იანვარს გარდაიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო