ზეღდულეთში მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრომ განმარტება გააკეთა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთში მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა .

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ტერიტორია, რომელსაც სოფლის მოსახლეობა საძოვრებს უწოდებს, სახნავ-სათეს კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც 2008 წლის დეკემბერში, ღია აუქციონის წესით, ორ კონკრეტულ ფიზიკურ პირზე გაიყიდა.

ეკონომიკურ უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ტერიტორია არ იყო საძოვარი და ამიტომ მოხდა მისი გასხვისება. "რაც შეეხება საძოვარს, მისი გაყიდვა კანონით აკრძალულია", - განაცხადეს პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, გაყიდული მიწა მოიცავს 75,68 ჰექტარს, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში, იყიდა შპს "ფუდლენდმა", რომლის წარმომადგენელია ჯავხან სინგხი. მიწის ძველ და ახალ მფლობელებზე სამინისტრო სხვა ინფორმაციას არ ფლობს.

სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობა აღნიშნული ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებს და მიწის დაბრუნებისთვის დახმარებას ითხოვს. დღეს ადგილობრივებსა და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებს შორის დღეს ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივები შეეცადნენ, სოფლის გასხვისებულ საძოვრებზე მეპატრონისთვის მიწის დამუშავების უფლება არ მიეცათ. გლეხების მცდელობა პოლიციამ აღკვეთა. დააკევს სოფლის მკვიდრი რომან ალაძე, რომელსაც სასამართლომ 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფლის საძოვრები მათ უჩუმრად გაიყიდა. მათივე ცნობით, გარდა საძოვრებისა, რომლის რაოდენობაც 75 ჰექტრამდე ტერიტორიას შეადგენს, გაყიდულია 100 ჰექტრამდე სარეზერვო მიწები. ამის შესახებ კი გლეხებმა მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, რაც მათ ამ ტერიტორიებზე საქონლის გაშვება აუკრძალეს

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან "თავისუფალი დემოკრატებისა" და "ქართული პარტიის" ლიდერები. ამ დროისთვის ნაკვეთებზე ხვნის პროცესი შეჩერებულია.

ზეღდულეთი ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფელია. იქ 400 კომლი ცხოვრობს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს