8 და 9 მაისი გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნის თარიღად 2004 წელს დააწესა.
ევროპამ ფაშიზმზე გამარჯვების დღე გუშინ იზეიმა. ინტერნეტრესურსების მონაცემებით, უპირობო კაპიტულაციის აქტს 1945 წლის 8 მაისს, ევროპის დროით 22 საათსა და 45 წუთზე მოეწერა ხელი. ამ დროს საბჭოთა დედაქალაქში, მოსკოვში უკვე 9 მაისი იდგა, ამიტომ გამარჯვების დღე პოსტსაბჭოთა სივრცეში 9 მაისს აღინიშნება.
თარიღებზე დავა საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებამ გამოიწვია. ვაშაძემ 8 მაისს განაცხადა, რომ მთელი კაცობრიობა ფაშიზმზე გამარჯვებას 8 მაისს აღნიშნავს, რუსეთი კი აქაც გამონაკლისია და ეს ქვეყანა ფაშიზმზე გამარჯვებას "სეპარატისტულად ზეიმობს". რუსულ მედიაში ეს განცხადება უკვე მინისკანდალად მონათლეს. 8 თუ 9 მაისი - რომელია ფაშიზმზე გამარჯვების დღე?
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე თარიღებზე დავას ისტორიკოსებს უთმობს.
როგორც ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ბაქრაძემ განაცხადა, რომელი თარიღის აღნიშვნა უფრო გამართლებულია, 8 თუ 9 მაისის, ამაზე დავა ისტორიკოსების საქმეა.
მისი თქმით, დღევანდელი დღე ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა. შესაბამისად პარლამენტის თავმჯდომარემ დღევანდელი დღე მიულოცა ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ყველაზე დიდი ბოროტების - ფაშიზმის დამარცხებაში.
"დარწმუნებული ვარ, ბოროტი ყოველთვის იქნება დამარცხებული. დღეს საქართველოს უჭირს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ბრძოლა წარმატებული იქნება და სიკეთის გამარჯვებით დასრულდება. დღევანდელი დღე სწორედ ამის სიმბოლოა", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, მისი ვაკის პარკში დღეს მოსვლის მიზანი იყო პატივისცემა იმ ადამიანებისა, რომლებიც გამარჯვების დღედ 9 მაისს აღიქვამენ.
გიგი უგულავას კი მიაჩნია, რომ 8 მაისი ობიექტურად არის ფაშიზმზე გამარჯვების დღე. თბილისის მერის თქმით, 9 მაისი უფრო საბჭოთა თარიღია, რომელიც რუსეთის მიერ აღმოსავლეთ ევროპის დაპყრობასთან იყო დაკავშირებული.
"თუმცა იმ ხალხისთვის, ვინც მეორე მსოფლიო ომი გამოიარა, 365-ვე დღე დღესასწაულია. ამიტომ იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც თავი დადეს ფაშიზმზე გამარჯვებისათვის ბრძოლაში, ქედი უნდა მოვიხაროთ. თარიღებს შესაძლოა, არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდეს", - განაცხადა უგულავამ.
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე 9 მაისს საზოგადოების კამათის საგნად არ მიიჩნევს.
როგორც ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან გიორგი თარგამაძემ განაცხადა, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს დღევანდელი დღის მიმართ უდიდესი პატივისცემა უნდა ჰქონდეს.
"საქართველომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ ბოროტებაზე – ფაშიზმზე გამარჯვებაში. ვეტერანების დაფასება კი არის დაღუპულთა ხსოვნაზეც და საქართველოს მომავალ გამარჯვებებზე ზრუნვაც. მათი გმირობა უნდა იყოს ნათელი მაგალითი, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მომავალი გამარჯვებებისკენ გაუძღვება", - განაცხადა თარგამაძემ.
ნინო ბურჯანაძეს კი, სპეკულირებად მიაჩნია განხილვა, 8 მაისს უნდა აღინიშნებოდეს გამარჯვების დღე, თუ - 9 მაისს.
"ვინც ისტორია იცის, გერმანიამ კაპიტულაციას ხელი მოაწერა 22:43 საათზე და მარშალ ჟუკოვს ჩააბარა. ეს მოხდა გერმანიის დროით. ამ დროს უკვე საქართველოში, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში, 9 მაისი იყო. ასე რომ, ეს არის სპეკულაცია. სირცხვილია, როდესაც უგუნური ხელისუფლება ასეთი თარიღებით სპეკულირებს", - განაცხადა ბურჯანაძემ.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით კი, ფაშიზმზე გამარჯვების 8 მაისს აღნიშვნის შესახებ დაწყებული საუბრები შესაძლოა, იმას ნიშნავდეს, რომ საქართველოს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა ცივილიზებულ ევროპასთან ერთად ურჩევნია და ეს მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ, საბჭოთა კავშირში შემავალი ერების მსგავსად, ფაშიზმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ცინცაძის განმარტებით, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ფაშიზმზე გამარჯვებას საფრანგეთი 8 მაისს აღნიშნავდა, რუსეთი კი, 65 წელია, 9 მაისს აღნიშნავს.
პოლიტოლოგის აზრით, შესაძლოა, ევროპაში ფაშიზმზე გამარჯვების დღის 8 მაისს აღნიშვნა და ამ დღის "ევროპის დღედ" გამოცხადება იმას ნიშნავს, რომ ცივილიზებული ევროპა აქცენტს არ აკეთებს გასულ საუკუნეში ქვეყნებს შორის დაპირისპირებაზე და ევროპის ერთიანობაზე ამახვილებს ყურადღებას.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც დამარცხებული გერმანია ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდა, შესაძლოა, ამ ქვეყნის პარტნიორ ქვეყნებს ეუხერხულებათ კიდეც ბერლინისთვის ყოველწლიურად ფაშისტური წარსულის შეხსენება.
"რუსეთი და საქართველო რომ შერიგდნენ, ჩვენ მოგვეწონება ყოველი წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოზე გამარჯვება იზეიმოს? როგორც არ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი, საქართველოში დარჩენილი მეორე მსოფლიო ომის 9 ათასი ვეტერანისთვის გამარჯვების დღეს ყოველთვის 9 მაისი იქნება",-მიიჩნევს სოსო ცინცაძე.