ბიზნესმენი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი გრაფ მონტე-კრისტოს უწოდებს

შალვა ნათელაშვილის აქციას "ქართუ ჯგუფის" პასუხი მოჰყვა კითხვით - "ვინ ებრძვის ბიძინა ივანიშვილს". პასუხი ბევრ პოლიტიკურ მინიშნებას შეიცავს და მისი ადრესატი მხოლოდ "ლეიბორისატების" ლიდერი არ არის.
. . .
ზოგისთვის ის ალტრუისტია, ზოგისთვის _ ბიზნესმენი, რომელსაც პოლიტიკური ამბიციები არ აქვს, ბევრი მას ქველმოქმედებისთვის მადლობას უხდის ისე, რომ ცხოვრებაში ერთხელაც არ უნახავს, ხალხის დიდ ნაწილს კი მასზე საუბრის სურვილი აერთიანებს.
ის იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში და ურჩევნია, მის გაკეთებულ საქმეებზე ჩუმად ისაუბრონ.
მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ცნობილმა ჟურნალისტმა, ვენდელ სტივენსონმა ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოახერხა, თუმცა შეკრიბა მასთან დაკავშირებული, უკვე ლამის ლეგენდებად ქცეული ამბები და 2010 წელს ბრიტანულ გამოცემა Prospect-ში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა სათაურით "კარგი ოლიგარქი".
"ქონება რუსეთში დააგროვა და შემდეგ დაბრუნდა, რომ მშობლიურ სოფელში ეცხოვრა. მას იშვიათად შენიშნავთ სადმე, მაგრამ მისი გულუხვობა უსაზღვროა, ვინ არის ეს იდუმალი ქართველი ბიზნესმენი", _ სტივენსონი სტატიას ამ კითხვით იწყებს და ცდილობს, თითქმის 10-გვერდიან სტატიაში სრულყოფილი პასუხი თავადვე გასცეს. 
ამერიკელი ჟურნალისტი იხსენებს 2001 წელს, თბილისში მისი მორიგი ჩამოსვლისას, როგორ დაათვალიერა სამების საპატრიარქო ტაძარი და იკითხა, თუ ვინ ააშენა გრანდიოზული შენობა _ საქართველოში უდიდესი ეკლესია, რომელიც ღამით, გათანებისას "გიგანტურ საქორწინო ტორტს ჰგავს".
"ბიძინა ივანიშვილი _ მისმა სახელმა ყრუდ გაიჟღერა და იქვე გაჩნდა მისი ბიოგრაფიის კონტურები: პატარა ქართველი ბიჭი ღარიბი სოფლიდან, რომელიც წავიდა მოსკოვში და გახდა მილიონერი.... 2008 წელს, როცა სააკაშვილს შევხვდი, ვკითხე ამ იდუმალ ბიზნესმენზე. "ივანიშვილზე?", _ წამოიძახა პრეზიდენტმა, _ "ის გრაფ მონტე-კრისტოს ჰგავს, მხოლოდ ერთხელ შევხვდი. მას სძულს საჯაროობა". სააკაშვილი იცინოდა, შემდეგ კი დაამატა: "მაგრამ მას არ აქვს პოლიტიკური მისწრაფებები, ერთიც კი", _ წერს ვენდელ სტივენსონი.
ვინ არის ბიძინა ივანიშვილი? _ ამ კითხვით ამერიკელ ჟურნალისტს გიგა ბოკერიასთვის, იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისთვისაც მიუმართავს:
"ბიძინამ მშობლიურ სოფელში გზა გაიყვანა. თავიდან ყველა კმაყოფილი იყო, თუმცა ერთხელაც სოფლის მცხოვრებთა მასა დაინახა, რომელმაც გზა გადაკეტა. მათ შესჩივლეს, რომ მანქანები ძალიან სწრაფად მოძრაობდნენ ახალ გზაზე და ეს ხმაურს იწვევდა. ხალხმა მას ახალი შენობების აგება სთხოვა გზაზე ასეთი მოძრაობისა და ხმაურისგან დასაცავად", _ უთქვამს ბოკერიას და თითის ქნევით დაუმატებია, რომ ეს არის სოციალიზმის ნათელი მაგალითი.
შემდეგ კი სტატიაში ივანიშვილზე გავრცელებული ამბები ერთმანეთს ცვლის:
"ის წავიდა რუსეთში, ბორის ივანოვი დაირქვა და ოქროს საბადოთი ქონება დააგროვა"; "ის პერესტროიკის დროს კომპიუტერებს და ვიდეოაპარატურას ყიდდა"; "ის პენსიებს თბილისის მთელ ძველ ინტელიგენციას ურიგებს"; "იცით, მას ალბინოსი შვილები ჰყავს"; "ის რუსთაველის თეატრის აღდგენას აფინანსება"; "მას ზებრები ჰყავს"; "არავინ იცოდა, თუ ვინ გაიღო სამების ტაძრის აშენების ხარჯები, ვიდრე შევარდნაძემ არ დაწერა საკუთარ მემუარებში, რაზეც ბიძინა ძალიან განაწყენდა. როცა ეკლესია გაიხსნა, პატრიარქს უნდოდა დიდი წვეულება გადაეხადა ამის აღსანიშნავად, მაგრამ ბიძინამ უარი თქვა მისვლაზეც კი"; "მან ყველა თანაკლასელი შეკრიბა და უზარმაზარი სუფრა გააშლევინა, ამხანაგებს კი ახალი მანქანების გასაღებები დაურიგა", "მას პინგვინები ჰყავს", _ ამ ჩამონათვალს ჟურნალისტი იმასაც ამატებს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირებენ სახელმწიფო უნივერსიტეტის აღდგენას, სამთო-სათხილამურო კურორტის აშენებას, ეროვნული პარკების, სამედიცინო კლინიკების კეთილმოწყობას და სხვა პროექტების განხორციელებას.
ჟურნალისტთან საუბრისას, მუსიკისა და დრამის თეატრის რეჟისორი დავით დოიაშვილი ივანიშვილთან წუთ-ნახევრიან შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ არც კი იცოდა, ვის ელაპარაკებოდა.
"მკითხა, თუ რატომ იყო ჩვენი სცენა ასეთი მცირე ზომის. მეც ვუპასუხე, რომ მართლაც, უფრო დიდი სცენა გვჭირდებოდა. მეორე დღეს მისი ხალხი ჩემთან მთელი თეატრის რეკონსტრუქციაზე სასაუბროდ მოვიდა", _ ამბობს დოიაშვილი ამერიკელ ჟურნალისტთან.
კიდევ ერთი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე კი იხსენებს, რომ ერთ დღესაც "ქართუ ჯგუფიდან" დაურეკეს და "კონტრაქტი" გაფორმება შესთავაზე.
"მას შემდეგ მის საბანკო ანგარიშზე ყოველთვიურად 2300 აშშ დოლარი ირიცხება, სანაცვლოდ კი ლორთქიფანიძისგან არაფერს ითხოვენ. მისი შემთხვევა უნიკალური არ არის. ასობით, შესაძლოა, ათასობით ქართველი ინტელექტუალი და ხელოვანი დახმარებას ივანიშვილისგან იღებს", _ წერს სტივენსონი.
ამერიკელი რეპორტიორი აღნიშნავს, რომ მათ, ვინც ივანიშვილზე საურობს, ურჩევნიათ, ეს ხმადაბლა გააკეთონ, მასთან დაახლოებულები კი საერთოდ არაფერს ამბობენ, მიზეზი ერთია: "ეს ტაბუა".
სტივენსონი აღნიშნავს, რომ 2010 წელს ივანიშვილი "ფორბსის" მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერთა სიაში 4.5 მილიარდი დოლარით მსოფლიოში 167-ე ადგილზე იყო და ამ თანხის ნაწილს ბიზნესმენი ხელოვნების ნიმუშების შეძენაზე ხარჯავს.
სტატიიდან ირკვევა, რომ ივანიშვილი ფრანკოფილია და მისი ოთხივე შვილი საფრანგეთის მოქალაქეა; სახლი აქვს სან-ტროპეს სანაპიროზე, ბინა პარიზში; მისი ვაჟი ბერა კი ფრანგულ ენაზე Snoop Dogg-თან ერთად "რეპავს".
სტივენსონის ერთ-ერთი რესპონდენტი საქართველოში საფრანგეთის ელჩი ერნიკ ფურნიეც არის, რომელიც ივანიშვილის მეგობარი აღმოჩნდა; ფურნიე არაერთხელ ყოფილა ივანიშვილის მთაწმინდაზე მდებარე "ბიზნესცენტრსა" და ბიზნესმენის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში.
"მას უყვარს საფრანგეთი და ფრანგული სამზარეულო... დიახ, მას ზებრები ნამდვილად ჰყავს", _ უთქვამს ფურნიეს სტივენსონისთვის.
ჟურნალისტი მორიგი გაჩერება ჭორვილაა, რომელსაც ის ივანიშვილის სამეფოს ეძახის.
"პოლიციის ახალი შენობა, 20-ზე მეტი სკოლა საჩხერის რაიონში, სახანძრო სამსახური, ადგილობრივი სამხედრო ბაზა, საფეხბურთო სტადიონი, ბიბლიოთეკა, კინოთეატრი (ჯერ კიდევ არ მუშაობს იმიტომ, რომ ადგილობრივ საბჭოს ფილმების იჯარისთვის ფული არ აქვს)... ივანიშვილმა გომის გზა აღადგინა, წყალმომარაგების ნაგებობა აღადგინა და 2009 წლის დადგომამდე რეგიონის 60 000 მოსახლე უფასო გაზითა და ელექტროენერგიით უზრუნველყო. ჯანდაცვა კი საჩხერის ყველა მკვიდრისთვის ხელმისაწვდომი გახდა, საავადმყოფოც განაახლა. მან დაუწესა ყოველთვიური პრემიები ექიმებსა და მასწავლებლებს, მოხუცებს კი პენსები... ჭორვილაში თითქმის ყველა შენობა ივანიშვილის აღდგენილია. წარმოუდგენელია, რომ ეს სახლები საქართველოში დგას: ეს ყველაფერი გერმანიისა და შვეიცარიის რომელიმე მხარეს უფრო ჰგავდა", _ წერს ამერიკელი რეპორტიორი.
ჭორვილის ახალგაზრდობა ივანიშვილს მხსნელს ეძახის, ერთმა ”ტაქსისტმა ” მას ღმერთიც კი უწოდა.
სტივენსონი შენიშნავს, რომ საჩხერეში ხუმრობენ: იმის გამო, რომ დაქორწინებისას ივანიშვილი ყველას ორი ათას დოლარს ურიგებს, დასაოჯახებელი "არც ერთი ბრმა და კოჭლიც" კი არ დარჩაო.
"ამ წლების განმავლობაში ივანიშვილი საზოგადო ცხოვრებას მოშორდა. ეს გარკვეულწილად თავდაცვაც არის. 1990-იანი წლების შუა ხანებში მისი ძმა გაიტაცეს. ივანიშვილმა იცოდა, რომ გამტაცებლებისთვის ფულის გადახდა პრეცედენტს შექმნიდა და მათ მიერ მოთხოვნილ თანხაზე მეტი ფული რუსეთისა და საქართველოს უშიშროების სამსახურებს გადაუხადა. ერთი თვის შემდეგ მისი ძმა გაათავისუფლეს", - წერს ამერიკელი ჟურნალისტი.
სტივენსონი ივანიშვილთან დაკავშირებით სრულიად ახალ განსაზღვრებასაც იყენებს და ამბობს, რომ ბიზნესმენი პერსონიფიცირებულ სოციალიზმს მისდევს.
"ხელისუფლებამ ხელფასები გაზარდა და სკოლებსა და საავადმყოფოებში კაპიტალის ჩადება დაიწყო, თუმცა, საქართველოს სოფლის მოსახლეობა ჯერ კიდევ ლუკმა პურისთვის იბრძვის", _ წერს Prospectmagazine.
ასევე რუსეთიდან დაბრუნებული ბიზნესმენი, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და ამჟამად "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე ამერიკელ ჟურნალისტთან საუბარში ივანიშვილის საქმიანობის შეფასებისას ამბობს, რომ "ის ადამიანების დამოუკიდებლობას კლავს. ისინი ივანიშვილზე არიან დამოკიდებულნი და ელემენტარულ რაღაცეებს დამოუკიდებლად ვერ აკეთებენ. ამასთან, ბევრი მისით უკმაყოფილოა: რატომ აკეთებს ამას და არა იმას, რატომ არ აკეთებს უფრო მეტს", _ უთქვამს კახა ბენდუქიძეს.
ბენდუქიძის მოსაზრება გაუზიარებია ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელსაც თავი შეუკავებია ვინაობის დასახელებისგან.
"ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ბიძინამდე ვერავინ აღწევს. ეს არ შეიძლება მუდმივად გრძელდებოდეს, ისე უბრალოდ როგორ შეიძლება ფულის დარიგება", _ ჟურნალისტი კი რესპონდენტის ციტირების შემდეგ წერს, რომ თუ ეს სოციალიზმია, მაშინ მას აუცილებლად მოჰყვება გვერდითი მოვლენები:
"ჭორვილაში ხალხი თურმე იმაზე ედავებოდა ერთმანეთს, შენ სახლის წითელი სახურავი რატომ მიიღე და მე კიდევ მწვანეო... ნახეს, ელექტროენერგიის და გაზის ფულს ივანიშვილი იხდიდა და სახლები მთელი ღამე გაჩაღჩაღებული დატოვეს... სუბსიდიაც მოიხსნა... ყველა მასწავლებელს სახელმწიფო ხელფასზე ორჯერ გაზრდილ ანაზღაურებასთან ერთად ყოველთვიურად 200 აშშ დოლარიც ეძლეოდათ, შედეგად კი ზოგმა ადრე დაიწყო სკოლიდან მოსვლა... ცოტა ხნის წინ კი ანაზღაურების საათებისა და პრაქტიკულად შესრულებული სამუშაოს მიხედვით გაცემა დაიწყეს", _ წერს სტივენსონი.
რაც შეეხება პოლიტიკას, 2005 წელს, "ვედომოსტისთან" (პრაქტიკულად ერთადერთი გამოცემაა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა) საუბარში ივანიშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არანაირი პოლიტიკური ამბიცია არ აქვს.
"საქართველოს ახალ ხელისუფლებას არც მხარს ვუჭერ და არც მის წინააღმდეგ გამოვდივარ. მე პოლიტიკურ მოღვაწეებთან არავითარი კავშირი არ მაქვს", _ უთქვამს ბიზნესმენს 6 წლის წინ. არც დიდად რელიგიურია, თუმცა ქვეყანაში უდიდესი ეკლესია ააშენა.
"მე მატერიალისტი ვარ", _ ესეც "ვედომოსტისთვის" მიცემული ინტერვიუდანაა.
ვენდელ სტივენსონმა "ქართუ ჯგუფში" გაარკვია, რომ ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი ქვეყანაში 60 შენობის აშენება-აღდგენით არის დაკავებული.
ჟურნალისტი წერს, რომ ივანიშვილი გაურბის საქართველოს ახალი საქმიანი და პოლიტიკური კლასის ხიბლს. ის უარს ამბობს თბილისური ელიტის სნობიზმზე. მას მოსწონს ერთგული, დაუხარბებელი და უპრეტენზიო ადამიანები. მის რამდენიმე მეგობარს კი ჩვეულებრივი სამუშაო ადგილები აქვს: ერთი ყვავილების გამყიდველია, მეორე კი - კლინიკის დირექტორი.
"რა აბედნიერებს ბიძინას", _ ჟურნალისტის ამ კითხვაზე ივანიშვილის ერთ-ერთ მეგობარს გია ჭირაქაძეს, "ქართული ხმების" ერთ-ერთ სოლისტს უპასუხია, რომ ბიზნესმენი ბედნიერია, როცა ვიღაც კმაყოფილი და ნასიამოვნებია.
"ბედნიერია, როცა ნარდს თამაშობს. ჩვენ დიდი ორთაბრძოლები გვაქვს ხოლმე: ამასწინათ ძალიან განაწყენებული დავტოვე, გავანადგურე _ 7:0 მოვუგე, ბოლოს კი გაიმარჯვა და მომიგო 15:9-ით. ძალიან ბედნიერი იყო".
ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება პოეტ კოტე ყუბანეიშვილსაც შეხებია.
"ივანიშვილი კარგად ცხოვრობს. საკუთარ აუზში ცურავს, არ ეწევა, არ სვამს, სადილის შემდეგ მხოლოდ კონიაკს სვამს, თუმცა ფრანგული ღვინის მარანი აქვს, რომელიც მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა. მუშაობს დღეში 4-5 საათს ისე, რომ ტელეფონით რუსეთში საკუთარ ფირმებს უკავშირდება. დასაძინებლადაც ადრე, ღამის 10 ან 11-ზე მიდის", _ ასე წერს სტივენსონი ივანიშვილის ყოველდღიურ ჩვევებზე მის მეგობრებზე დაყრდნობით.
ივანიშვილის კიდევ ერთი სტუდენტობის მეგობარი ირაკლი ტრიპოლსკი კი ამბობს, რომ ბიძინა მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადამიანია არა იმის გამო, რომ ძალიან მდიდარია...
"ტრიპოლსკის მეუღლე კიბოსგან განიკურნა, ბიძინამ ვენაში მისი მკურნალობის ხარჯები დაფარა", _ წერს სტივენსონი.
შემდეგ კი სტივენსონი ტრიპოლსკისგან იგებს ქართველი საოპერო მოღვაწის ფილიმონ ქორიძის შესახებ, რომელმაც მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ლა-სკალაზე უარი თქვა და სამშობლოში უძველესი ქართული საგალობლების სანოტო სისტემაზე გადასატანად დარჩა.
"მე მივხვდი, თუ რას მალავდა ივანიშვილი ქრისტიანული, კომუნისტური და კაპიტალისტული იდეოლოგიის ქვეშ მაშინ, როცა ხელს არ აწერდა
საზოგადოდ მიღებულ ფილოსოფიას. შესაძლოა, ეს მარტივი რამეც ყოფილიყო: როგორც ფილიმონი, ის წავიდა საქართველოდან და მდიდარი და ცნობილი გახდა; როგორც ფილიმონი, ის დაბრუნდა. ის საკუთარი ბავშვობის ტალახისა და მტვრის პროდუქტი იყო. ის ებრძოდა გამდიდრების ტრანსფორმაციის დილემებს, თუმცა ამას ყველაზე მეტად იმისთვის აკეთებდა, რომ შინ დაბრუნებულიყო", _ წერს prospectmagazine-ში ვენდელ სტივენსონი.
2007 წელი, გამოცემა "კომერსანტი": "ვინ არის ბორის ივანიშვილი"
"50 წლის ბორის (ბიძინა) ივანიშვილი ბიზნესით 1989 წლიდან არის დაკავებული. 1990 წელს დააარსა ბანკი "რასისკი კრედიტი", რომლის აქციების 67% მას ეკუთვნის. მის აქტოვებს შორის არის კომპანია "უნიკორი", საფინანსო კომპანია "ინტერფინ ტრეიდი", აგროსამრეწველო კორპორაცია "სტოილენსკაია ნივა", სადაზღვევო კომპანი "რკ-გარანტი", შპს "ერკაფარმი" (სააფთიაქო ქსელი "დოქტორ სტოლეტოვი"), "აღმოსავლეთ ციმბირის ნავთობკომპანიის" 28.5%". . .
მალხაზ ჭკადუა
"ინტერპრესნიუსი"

























