ახალციხეში "აქტიურ მოქალაქეთა სკოლა" იხსნება

ახალციხეში "აქტიურ მოქალაქეთა სკოლა" იხსნება

"ახალი თაობა – ახალი ინიციატივა" სამცხე ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდებისთვის დღეს ახალციხეში "აქტიურ მოქალაქეთა სკოლას" გახსნის. პროექტი "საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმირებისა და სწავლების ცენტრის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაცია "ახალი თაობა – ახალი ინიციატივა"-ში განუცხადეს, პროექტის მიზანია სამცხე–ჯავახეთის რეგიონის მოქალაქეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მათი ჩართულობის დონის გაზრდა და მათი ინიციატივების ხელშეწყობა.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, მაღალკვალიფიციური ექსპერტები კონკურსის და გასაუბრების შედეგად შერჩეულ 30 მოქალაქეს ექვსი კვირის განმავლობაში ყოველ შაბათ-კვირას ტრეინინგ სემინარებს ჩაუტარებენ. დასკვნით ფაზაში მონაწილეები რეგიონისთვის თავად მოამზადებენ და განახორციელებენ მცირე საგრანტო ინიციატივებს.

"აქტიურ მოქალაქეთა სკოლის" მონაწილეებს მიესალმება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი.

გახსნით ცერემონიალს დაესწრებიან "საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმირებისა და სწავლების ცენტრის" წარმომადგენლები.