წუხელ ღამით მოვარდნილმა ღვარცოფმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი მარტყოფი დააზარალა.
მარტყოფის მოსახლეობას წყალი საცხოვრებელ სახლებში შეუვარდა. განადგურებულია საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, დახოცილია შინაური ფრინველი.
დაზიანებულია სოფელში შესასვლელი გზები, ასევე, წუხანდელი გადაუღებელი წვიმისა და ღვარცოფის შედეგად, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც სოფელს ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიწოდება.
წუხელვე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა, ხანძარსაწინააღმდეგო ბრიგადები. სოფელში შესასვლელი გზები მთლიანად წყლით დაიფარა. სტიქიის დროს ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლსაც, სადაც ერთ-ერთი ქალბატონი დაშავდა.
როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, მოსახლეობას სტიქიისგან მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებენ, თუმცა მანამდე სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაადგენს.