ბათუმს ხვალ აშშ-ის სამხედრო ხომალდი ეწვევა

ბათუმი 20–23 ივნისს ამერიკის სამხედრო– საზღვაო ძალების ხომალდს "მონტერეი CG-61"–ს უმასპინძლებს.
ამერიკელი სამხედროების მიზანია, საქართველოს სანაპირო დაცვის ძალებთან უსაფრთხოების საკითხებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება. ამერიკული ხომალდის კაპიტანს, ჯეიმს კილბის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე მიიღებს.
"მონტერეი CG-61" ბაზირებულია ნორფოლკში (ვირჯინიის შტატი). მისი ეკიპაჟი 370–კაცამდე შეადგენს, საიდანაც 43 ოფიცერია. ხომალდი ბათუმში ოდესიდან შემოვა, სადაც იგი უკრაინელებთან ერთად ერთობლივ წვრთნებს გადიოდა.
"აშშ-ის საზღვაო ძალების გემი "მონტერეი" რამდენიმე წელია უკვე რეგულარულად არის განთავსებული შავი ზღვის რეგიონში და გამოხატავს აშშ-ის მხარდაჭერას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობასა და საზღვაო უსაფრთხოებაზე", _ აცხადებენ ამერიკის საელჩოში.

























