ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თბილისის "დინამოსა" და "რეიკიავიკის" შეხვედრა დაიწყო .
თბილისის "დინამო" დღეს ისლანდიურ კლუბ "რეიკიავიკს" უეფა-ს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრას მასპინძლობს.
თბილისის "დინამომ" ერთი კვირის წინ "რეიკიავიკთან" პირველ შეხვედრაში სტუმრად დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მეტოქე 4:1 დაამარცხა და შესაბამისად დღევანდელი მატჩისთვის ქართულ კლუბს დიდი უპირატესობა აქვს. ისლანდიელებს მინიმუმ 4 უპასუხო გოლის გატანა სჭირდებათ იმისთვის, რომ 2 მატჩის ჯამში თბილისის "დინამო" დაამარცხონ და ევროპის ლიგის პლეიოფში გავიდნენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ ამის იმედი რეალურად არ აქვთ.
როგორც მატჩის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ისლანდიელების მწვრთნელი აცხადებდა, მას ხელი ჩაქნეული აქვს და კარგად იცის, რომ დღეს გამარჯვებას ვერ მიაღწევს. სწორედ ამიტომ ისლანდიელი მწვრთნელის განცხადებით, მან თბილისში 15 კაციანი შემადგენლობა ჩამოიყვანა, რომელთა შორის უმეტესობა არის გამოუცდელი ფეხბურთელი. ისინი არიან მეორე შემადგენლობის მოთამაშეები და დღეს მათ მიეცემათ შანსი, რომ უბრალოდ გამოცდილება მიიღონ.
შეხვედრა რამდენიმე წუთია რაც დაიწყო და პირველივე წუთებში "დინამომ" რამდენიმე შეტევა განახორციელა.