ბადრი ბიწაძის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ შსს-ს ანალიტიკური სამსახურის უფროსის, შოთა უტიაშვილის იძულებით გამოცხადების შესახებ შუამდგომლობა დააყენა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ბიწაძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, მათი ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
მისი თქმით, შუამდგომლობის საფუძველი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე უტიაშვილის გამოუცხადებლობა გახდა.
ადვოკატის განმარტებით, უტიაშვილის სასამართლომ უწყება გაუგზავნა და მისი დაკითხვა დღეს იგეგმებოდა, თუმცა სასამართლოში არ გამოცხადდა.
დღეს სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ გია ბურჯანაძე, ლუკა კურტანიძე, შალვა ოგბაიძე და "სახალხო კრების" სხვა წარმომადგენლები. ადვოკატ ლევან სამუშიას განმარტებით, არც დაცვის და არც ბრალდების მოწმეების ჩვენებებით ბიწაძის ბრალეულობა არ დასტურდება.
ბიწაძეს ბრალად ედება 26 მაისის აქციებთან დაკავშირებით, პოლიციელებზე თავდასხმის ჯგუფის ორგანიზება.
მას აღმკვეთ ღონისძიებად დაპატიმრება აქვს შეფარდებული და ძებნაა გამოცხადებული.