სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე სოფელ მეტეხის დევნილთა დასახლებაში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილებს საჩუქრები - საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა.
ხათუნა კალმახელიძემ აღნიშნა, რომ დაბრუნებამდე დევნილი მოსახლეობა ღირსეულად უნდა ცხოვრობდეს.
"ჩვენი უმთავრესი მიზანია, ეს ადამიანები დაბრუნდნენ თავიანთ მიწა-წყალზე და მანამ, სანამ ეს მოხდება, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვუზრუნველყოთ მათთვის კომფორტი - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", – აღნიშნა მინისტრმა.
სოფელ მეტეხში პატარა ლიახვიდან დევნილი 35 ოჯახი ცხოვრობს. სახელმწიფო მათ შეძლებისდაგვარად ეხმარება. ყველა ოჯახს გადაეცა 0.25 ჰა სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელსაც დევნილი მოსახლეობა, ასევე სახელმწიფოს დახმარებით ამუშავებს.