მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიის სანაპირო ზოლზე გაისეირნა

ანაკლიის, როგორც საკურორტო ქალაქის პრეზენტაციამდე, საქართველოს პრეზიდენტმა უმცროს ვაჟთან ერთად განახლებულ სანაპირო ზოლზე გაისეირნა და ადგილობრივებთან ერთად ზღვაში სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო .
როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, განახლებული ანაკლიის პრეზენტაციამდე რამდენიმე საათი დარჩა, თუმცა, სამუშაოები ჯერ ისევ მიმდინარეობს. მან გაიხსენა, რომ მომღერლები, რომლებიც დღეს დაგეგმილ კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას, რეპეტიციას სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, ნიღბებით გადიოდნენ.
"არც ერთი მომღერალი არ დათანხმდება ასეთ პირობებში სიმღერას. ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდი დღეს იხსნება და ტროსებს ამ წუთებშიც ჭიმავენ. ეს იმიტომ, რომ ერთი წამიც არ გვაქვს დასაკარგი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ანაკლიის საკურორტო ქალაქად ქცევის იდეა მიმდებარე წყლებში სანაპირო დაცვის კატარღით ცურვისას გაუჩნდა. "ოჩამჩირის გასწვრივ ვიმყოფებოდით და უკან დაბრუნებისას კატერი გაგვიფუჭდა. სამშვიდობოებმა მაშინ გამოაცხადეს განგაში, სამხედრო ტექნიკა გამოიყვანეს, ტყვიამფრქვევები დადგეს და ავტომატები მოიმარჯვეს. ჩათვალეს, რომ სამხედრო ინციდენტი მოხდა. მაშინ მეთევზეები დაგვეხმარნენ და ანაკლიაში, ქობალიების ოჯახში გადაგვიყვანეს. ანაკლიაში ყოფნისას მივხვდი, რა საოცარია აქაური კლიმატი. როგორც წესი აქ ძალიან იშვიათად წვიმს და არის განსაკუთრებული სიმსუბუქისა და კომფორტის განცდა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ანაკლიაში მოგვიანებით გაიხსნება ევროპაში ყველაზე დიდი, 540 მეტრიანი საფეხმავლო ხიდი, რომელიც ანაკლიას განმუხურთან დააკავშირებს.
ევროპულ დიზაინზე მოწყობილ ამფითეატრში კი დღეს, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი დაუკრავს. ერთსაათიან კონცერტზე სოფო ხალვაში, ვაჟა მანია, ნატო გელაშვილი და გიორგი უშიკიშვილი იმღერებენ. კონცერტს ნინო სურგულაზე დაასრულებს – სიმღერით "აფხაზეთო ჩემო".
ანაკლიის, როგორც საკურორტო ქალაქის, პირველი დღე, გვიან ღამით, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

























