მიხეილ სააკაშვილი - ანაკლია იქნება შავი ზღვისპირეთის შარმ-ელ-შეიხი, ანტალიას და სხვებს მოიტოვებს გვერდზე

მიხეილ სააკაშვილი - ანაკლია იქნება შავი ზღვისპირეთის შარმ-ელ-შეიხი, ანტალიას და სხვებს მოიტოვებს გვერდზე

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ანაკლიაში ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ოქროს საწმისი" გახსნა .

სასტუმრო 105 ულტრათანამედროვე ნომრიგან შედგება, ფოეში უნიკალური ჭაღია, რომელიც სვაროვსკისა და გიშრის თვლებით არის მოჭედილი. სააკაშვილმა სასტუმროს ნომრები და ვიპ აპარტამენტი დაათვალიერა, რომელიც მაღალი რანგის სტუმრებზეა გათვლილი. პრეზიდენტის განცხადებით, ანაკლია მალე შავი ზღვისპირეთში ყველაზე სასურველი საკურორტო ადგილი გახდება.

"მსოფლიოს ბევრ საპრეზიდენტო ნომრებში ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი არ მინახავს. აქაურია და თავისი სასტუმრო როგორც უნდა ისე გააკეთოს, მაგრამ ვუთხარი, ამხელა ნომრებს არავინ აკეთებს, და... არა, იყოს მაინცო. ნომერიც იყოსო, 4 აუზიც იყოსო, სვაროვსკის ჭაღიც იყოსო, სამეგრელოა რა... მეგრული ვარიანტია, რომ ყველაფერი უნდა იყოს ძალიან მაგარი. და გააკეთებენ ყველაზე მაგარ კურორტს მთელ შავი ზღვისპირეთში. ეს იქნება შავი ზღვისპირეთის შარმ-ელ-შეიხი. ანტალიას და სხვებს მოიტოვებს გვერდზე",-განაცხადა სააკაშვილმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ბიზნესმენზე საუბრობდა.

სასტუმროს დათვალიერების შემდეგ პრეზიდენტი ანაკლიის ბულვარში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და ფოტოები გადაიღო.

დღესვე მიხეილ სააკაშვილმა "ოქროს საწმისის" გვერდით საფუძველი ჩაუყარა ახალი სასტუმროს "გესტ ჰაუსის" მშენებლობას. მან ფრიდონ თოდუასთან ერთად სიმბოლური კაფსულა ჩადო, სადაც "გესტ ჰაუსი" უნდა აშენდეს და მომავალი წლის აგვისტოში ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს. პრეზიდენტის განცხადებით, მომავალ წელს ანაკლიაში ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო განვითარდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, შენობა მრავალფუნქციური იქნება, სადაც იქნება ასევე გადამზადების ცენტრები და სტუმრების მიღებაც მოხდება. მისივე თქმით, ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ შენობას მიიღებენ, რომლის დიზაინი საკმაოდ დახვეწილია.

ანაკლიის, როგორც საკურორტო ქალაქის, პირველი დღე, გვიან ღამით, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.