მიხეილ სააკაშვილი - ანაკლიაში, ძალითაც კი, გარდა ცალკალოშა დამპყრობელი ჯარისკაცისა, ვერავის შემოიყვანდი

ანაკლია საკურორტო ქალაქად დღეს ოფიციალურად გამოცხადდა. საზეიმო ღონისძიებას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა .
პრეზიდენტმა გამოსვლაში ანაკლიის, როგორც საკურორტო ქალაქის მნიშვნელობაზე და მის პოტენციალზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ანაკლიაში, ძალითაც კი, გარდა "ცალკალოშა დამპყრობელი ჯარისკაცისა, ვერავის შემოიყვანდი". 2012 წელს კი, სააკაშვილის თქმით, 1000 სასტუმრო ადგილი იქნება, რაც წელიწადში 200 000 დამსვენებელს ნიშნავს, რაც იმაზე მეტია, ვიდრე მთელ აჭარაში ასლან აბაშიძის დროს იყო.
"სანგრების ნაცვლად ჩვენ ხუთი და შვიდვარსკვლავიანი სასტუმროები, სამხედრო ნაწილის ნაცვლად უზარმაზარი ამფითეატრი, თავისი დისკოთეკით და ფეხბურთის მიედნებით ავაშენეთ. როცა გავხდი პრეზიდენტი, 120 000 ტურისტი შემოდიოდა. წელს სამი მილიონი იყო",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ ანაკლიაში ძარცვა და ყაჩაღობა, რეკეტი ყოველდღიური მოვლენა იყო. "დღეს საქართველოში დანაშაულის ყველაზე დაბალი დონე სამეგრელოშია, რადგან მეგრელებს წესრიგი უყვართ და სამეგრელო ყველაზე მაღალი კლასის ევროპაა, რაც მე მინახავს. ჩვენს მტერს ყური აქვს მოდებული რამდენიმე მეტრში. დარწმუნებული ვარ, თავის ჩაშმორებულ ნაწილში ელარჯს მაგათ არავინ აჭმევს და დარწმუნებული ვარ, ჭამენ თავის გერკულესს და გაროხის ფაფას, რომლის ნაწილსაც პარავენ თავიანთი ოფიცრები და ნაღვლიანი თვალებით იყურებიან, იმიტომ, რომ რატომღაც გადმოსვეს პლაჟზე. ვის იცავენ, ვისგან იცავენ მათ უკან არსებულ სიცარიელეს. რა უნდათ ამ შუა წალკოტში და ვინ დანიშნა ისინი ულამაზესი პლაჟების მცველად ან ვისგან, ალბათ დღემდე ვერ გაუგიათ. აქამდე კურორტი იმიტომ არ იყო, რომ აქ ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი რუსეთის სამხედრო ბაზა იყო",-განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ისიც განმარტა, თუ რატომ უყვარს ანაკლია. ”ზუსტად ხუთი წლის წინ დაკავებული ვიყავი სანაპირო დაცვასთან ერთად ჩვენი საზღვრის დათვალიერებით. მანამდე, მინდა ვაღიარო, ჩემდა სამარცხვინოდ, რომ არაფერი მსმენოდა ანაკლიაზე, გარდა იმისა, რომ ვიცოდი რუკაზე არსებობდა ასეთი დასახლებული პუნქტი. რამდენიმე ასეულ მეტრში სანაპიროსთან გაგვიფუჭდა ძრავა სანაპირო კატარღის და არ ვიცოდით რა გვექნა, რადგან ვიმყოფებოდით ე.წ. სამშვიდობოებთან ძალიან ახლოს, რომლებიც მაშინ ასრულებდნენ უკვე ოკუპანტის ფუნქციას, არაკონტროლირებადი ტერიტორიის გასწვრივ და ვფიქრობით ვერტმფრენები გამოგვეძახა, გამოგვეცურა, დავრჩენილიყავით და დავლოდებოდით, ძრავას როდის გავაკეთებდით. მოგვადგნენ მეთევზეების ნავები, დახმარება შემოგვთავაზეს. პირველად მაშინ დავადგი ფეხი და მას შემდეგ შემიყვარდა ეს ადგილი. არ შეიძლება ეს ადგილი ეგრევე არ მოგეწონოს და არ შეგიყვარდეს, ყველაზე მაგარი კლიმატია შავი ზღვისპირეთში, ასეთი კლიმატი არსად საქართველოს შავი ზღვისპირეთში არ არის, აქ არის განსაკუთრებით სასიამოვნო ზღვაა. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ამაში. ენგურის ულამაზესი შესართავია, ბაღები, მაგრამ ყველაფერი ეს არაფერია - მთავარო ხალხია, მათ წინაშე ვიხრი ქედს~,-განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, წელს ფოთი-ანაკლიის გზის მშენებლობა იწყება, რომელიც გაუყვება მთელ შავი ზღვისპირეთს და ანაკლიიდან ფოთამდე იქნება მხოლოდ 15 წუთი სავალი მანქანით, ბათუმამდე კი 50 წუთი.
ანაკლიის, როგორც საკურორტო ქალაქის, პირველი დღე, გვიან ღამით, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

























